აშშ პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ში მონაწილე ფირმების წინააღმდეგ სანქციებს აწესებს

აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ში მონაწილე ფირმების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

ტეხასელი და ნიუ ჰამშირელი სენატორების, ტედ კრუზის და ჯინ შახინის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ყველა იმ პირს, ვინც დაკავშირებულია რუსეთის მიერ გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო გემების თუ ტექნიკის მიწოდების ან არენდით გადაცემაში აეკრძალება აშშ-ში შესვლა და მათი ყველა აქტივი, აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ არსებული, გაიყინება.

შახინის თქმით, სანქციები ამ მომენტში ეხება ორ კომპანიას, შვეიცარიულ Allseas Group SA-ს და იტალიურ Saipem SpAof-ს

“რუსეთს ენერგომატარებლების იარაღად გამოყენების ცუდი ისტორია აქვს”, – განაცხადა კენჭისყრის წინ კრუზმა.

სენატში ამჟამად განიხილავენ წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე მიღებულ კანონპროექტს, რომელიც ბევრ რამეში ემთხვევა კრუზის და შახინის მიერ მომზადებულს და სანქციებს ითვალისწინებს როგორც “ჩრდილოეთის ნაკადი 2”, ისე “თურქული ნაკადი”-ს მშენებლობაში მონაწილეობისთვის.

იმისთვის, რომ კანონპროექტები ძალაში შევიდნენ, ორივე პალატის და პრეზიდენტის მიერ მისი მოწონებაა საჭირო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე გაზსადენს “ჩრდილოეთის ნაკადი 2” გერმანიის “უდიდეს შეცდომა” უწოდა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ვაშინგტონი იცავს გერმანიას რუსეთისგან, სანაცვლოდ კი არაფერს იღებს. აშშ-მა მზადყოფნა გამოთქვა ევროპაში თხევადი გაზის მიწოდებაზეც, თუმცა ამ წინადადებას ჯერჯერობით მხოლოდ პოლონეთი გამოეხმაურა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად