აშშ მინსკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გააგრძელებს

აშშ “თავისი ქმედებებისთვის ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხის” დაყენებას გააგრძელებს, მათ შორის სანქციების საშუალებით. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის ჯეიკ სალივანისა და ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატთან, ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ციხანოვსკაიასთან შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა.

შეხვედრის დროს, სალივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა ნება დართოს 23 მაისის მოვლენების საიმედო საერთაშორისო გამოძიებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან.

ეს ყველაფერი, თეთრი სახლის თანახმად, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მეთვალყურეობის ქვეშ თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

კომენტარები
იტვირთება...