აშშ მიესალმება საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ მიღებას, რაც მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის შექმნას გულისხმობს

შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ მიღებას, რაც მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის შექმნას გულისხმობს. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას შორის 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად მიღებული ცვლილელები ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობასა და საპარლამენტო პლურალიზმს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს კანონი რეფორმის შესახებ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს / დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეფექტურად განახორციელოს ეს კანონი. საქართველოს დემოკრატიული ევოლუციის მთავარი გამოცდა საარჩევნო პროცესის თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვა იქნება, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავად არჩევნების პროცესი.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის, საარჩევნო პრაქტიკისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების ძალისხმევაში, ისევე, როგორც მის ფართო ევროატლანტიკურ მისწრაფებაში, რაც საუკეთესო თავდაცვაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ”. – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად