აშშ-მა გააუქმა შავ ზღვაში ორი სამხედრო გემის გაგზავნის გადაწყვეტილება

აშშ-მა გააუქმა შავ ზღვაში ორი სამხედრო გემის გაგზავნის გადაწყვეტილება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება თურქეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს წყაროთა მტკიცებით, ანკარაში აშშ-ის საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზეზის დაუსახელებლად აცნობა, რომ გემების გაგზავნის გადაწყვეტილება გაუქმებულია.

Reuters-ის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროები აცხადებენ, რომ როგორც ჩანს, თურქეთის მიერ არასწორად იყო ინტერპრეტირებული თავდაპირველი შეტყობინება, რადგან შავ ზღვაში გემების გაგზავნის გადაწყვეტილება ვაშინგტონის მიერ საბოლოოდ დადასტურებული არ ყოფილა. წყაროების განმარტებით, აშშ თურქეთს ხშირად ატყობინებს შავ ზღვაში გემების პოტენციურ შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გემებს აუცილებლად გაგზავნიან და უფრო იმის გარანტიაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხომალდები უპრობლემოდ შეძლებენ აკვატორიაში შესვლას.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკული და თურქული წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის ფონზე, აშშ შავ ზღვაში გაგზავნის სამხედრო გემებს და ეს იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება. რუსეთმა ამ გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდა და შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...