აშშ-ის სენატში მომზადდა კანონპროექტი უკრაინის მხარდასაჭერად

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მათ შორის ლეტალური იარაღით.

კანონპროექტის მიზანია უკრაინის დახმარება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ასევე, ზეწოლა იმ კომპანიებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან.

კანონპროექტის თანახმად, 2026 წლამდე აშშ უკრაინას დაეხმარება 300 მილიონი დოლარით. ამასთან, თანხის ნახევარს უკრაინა მიიღებს კონკრეტული რეფორმების განხორციელების შემდეგ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარის, ბობ მენენდესის განცხადებით, იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განაგრძობს უკრაინის საზღვრებს გასწვრივ სიტუაციის გამწვავებას, კომიტეტი ერთხმად ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და უახლოესი მოკავშირეების ინტერესების დაცვისადმი ერთგულებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...