აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად 19 აპრილის მიღწეულ შეთანხმებას.

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმება იყო სახელმწიფო დეპარტამენტში 20 აპრილს გამართული ბრიფინგის რიგით მეორე თემა, რომელზეც პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ილაპარაკა.

პრაისის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით შეთანხმების მიღწევას სჭირდებოდა კომპრომისი ყველა მხრიდან და უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური გამბედაობა და ხალხისადმი ერთგულება, რათა გაგრძელდეს რთული სამუშაო დემოკრატიული ინსტიტუტების შესაქმნელად და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის.

ნედ პრაისმა შეთანხმების მიღწევა შეაფასა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშნად და განაცხადა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების შესრულება.

პრაისის თქმით, აშშ საქართველოს პარლამენტს დაეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ შეთანხმებამ თავის მიზნებს მიაღწიოს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ აშშ ისევ მზად არის საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...