აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას  100 000 დოლარით დააფინანსებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში, 12 ნოემბერს გამოაცხადებს ჯვრის მონასტრის პროექტს 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად.

პროექტის ფარგლებში $100,000 გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს: პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით.

ძირითადი ტაძარი (ჩვ.წ. 586-605) ჯვრის მონასტრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მონუმენტია. ჯვრის მონასტერი მცხეთის ისტორიული მონუმენტების ნაწილია და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიოს მასშტაბით 125-ზე მეტ ქვეყანაში, უკვე 1000-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. მისი წვლილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში დაახლოებით 74 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში ფონდმა 19 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად