აშშ-ის საბაჟომ თაფლი თხევად მეტამფეტამინად ჩათვალა და ამის გამო მამაკაცმა 82 დღე ციხეში გაატარა

აშშ-ში მამაკაცმა თითქმის სამი თვე ციხეში იმის გამო გაატარა, რომ მან იამაიკიდან სამი მოზრდილი ჭურჭლით სახლის თაფლის შეტანა სცადა, საბაჟოს თანამშრომლებმა კი შეცდომით თაფლი თხევად მეტამფეტამინად ჩათვალეს.

10 წლის წინ საცხოვრებლად აშშ-ში გადასული 45 წლის ლეონ ჰოტონი საშობაოდ ყოველ წელს სტუმრობდა თავის ოჯახს იამაიკაში. 2018 წლის 29 დეკემბერს ჰოტონი იამაიკიდან ბალტიმორში ჩაფრინდა. საბაჟო შემოწმების დროს ძაღლმა მისი ჩანთა დაყნოსა და შეჩერდა. ჩანთაში წესების დაცვით მარკირებული ოჯახის თაფლით სავსე სამი ბოთლი ნახეს. საბაჟოს თანამშრომლებმა ყურად არ იღეს ლეონ ჰოტონის მტკიცება, რომ ეს კუსტარულად დამზადებული ოჯახური თაფლი იყო და ის ჩაის თაფლით სმის მოყვარული იყო. მათ ჩათვალეს, რომ ლეონ ჰოტონს თხევადი მეტამფეტამინი შექონდა და თაფლი ლაბორატორიაში გადააგზავნეს შესამოწმებლად, ჰოტონი კი დააკავეს.

მერილენდის ლაბორატორიიდან პასუხის მიღებას ორ კვირაზე მეტი დრო დასჭირდა. მიღებული პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა ამჯერად მერილენდის ლაბორატორია მიიჩნიეს ასეთი ტიპის ანალიზებისთვის შეუსაბამოდ და თაფლი შესამოწმებლად ჯორჯიის შტატში გადააგზავნეს.

ლეონ ჰოტონი მწვანე ბარათის მფლობელი იყო, მაგრამ მისმა დაპატიმრებამ იმიგრაციული სამსახურების მიერ შესაბამისი პროცედურების წამოწყება გამოიწვია. დაკავებულის ადვოკატს მათთან ურთიერთობისას უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ დონალდ ტრამპს და მის ოპოზიციას შორის კედლის აღმართვის გარშემო დაპირისპირების შედეგად სახელმწიფო სამსახურის ნაწილი სრულიად პარალიზებულ მდგომარეობაში იყო.

საბოლოოდ, შტატში ჩატარებული ანალიზის შედეგებმა ჩააღწია ბალტიმორამდე და 21 მარტს, ციხეში გატარებული 82 დღის შემდეგ, ლეონ ჰოტონი გაანთავისუფლეს.

შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში არ გამოცხადების გამო ლეონ ჰოტონმა დაკარგა ორი სამუშაო ადგილი – დამლაგებლის და მშენებლობაზე მუშის და შვებულებიდან ოჯახს ციხის გავლით და უმუშევრის სტატუსით დაუბრუნდა.

“მათ დანგრიეს ჩემი ცხოვრება”, – განუცხადა “ვაშინგტონ პოსტს” ლეონ ჰოტონმა, 45 წლის მამაკაცმა, რომელსაც გადატანილი ნერვული სტრესის შემდეგ ტაბლეტის გადაყლაპვა, თაფლითაც კი, უჭირს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...