აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ყარაბაღზე

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ტვიტერზე აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

“როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს ისეთი შეთანხმების გამო მილოცვა, რომელიც კავკასიაში რუსეთის მორიგ ოკუპაციას ამყარებს და ბლოკავს დასავლეთს?”, – წერს იან კელი.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება Twitter-ით მიულოცა სომხეთსა და აზერბაიჯანს და დაწერა, რომ “ეს კავკასიაში ახალი ერის დასაწყისი გახდება”.

“კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წლის 27 სექტემბერს განახლებული ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო 10 ნოემბერს დასრულდა შეთანხმებით, რომელსაც ხელს აწერენ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები. დოკუმენტის თანახმად, რუსეთს მთიან ყარაბაღში თავისი სამშვიდობო კონტინგენტი შეჰყავს. სომხეთში ოპოზიციური პარტიები ფაშინიანს კაპიტულაციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად