აშშ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მინსკის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით მინსკის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, აშშ ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო „არაადამიანურად უწყობს ხელს მიგრანტების საზღვარზე გადაადგილებას“.

“როგორც გასულ კვირას ვთქვი, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციით ჩვენ ახალ სანქციებს ვამზადებთ, რათა ლუკაშენკოს რეჟიმს ამ ჰიბრიდულ ოპერაციებზე პასუხისმგებლობა დავაკისროთ”, – განაცხადა პრაისმა.

პრაისის თქმით, აშშ მოუწოდებს მინსკს „საზღვარზე მიგრანტების ნაკადების გადაადგილებისთვის პირობების შესაქმნელად მიმდინარე კამპანია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს“.

“ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას ლუკაშენკოს რეჟიმზე და არ შევასუსტებთ მოთხოვნებს პასუხისმგებლობის შესახებ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა.

მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

კომენტარები
იტვირთება...