აშშ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-თან დაკავშირებით დამატებით სანქციებს აწესებს

აშშ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს აწესებს. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ბლინკენის განცხადებით, სანქციები უწესდება გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე ორ ხომალდს და რუსეთთან დაკავშირებულ კომპანია „ტრანსადრიას“. შესაბამისი ანგარიში კონგრესს უკვე წარედგინა.

ჯამში გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან” დაკავშირებით აშშ-ის სასანქციო სიაში რვა იურიდიული და ფიზიკური პირი, ასევე 17 ხომალდი შედის.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ” ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზის მიწოდების საიმედოობის ანალიზი შეადგინა და შედეგები ქსელების ფედერალურ ოფისს გადასცა. ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი გაზსადენის სერტიფიცირება გერმანიისა და ევროკავშირის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის.

შემდგომი ნაბიჯია, რომ სერტიფიცირების პროცესი დაადასტუროს გერმანიის ქსელის მარეგულირებელმა, რომელმაც განაცხადი 13 სექტემბერს მიიღო და შემდეგ ევროკომისიამ უნდა გამოთქვას თავისი პოზიცია გაზსადენთან დაკავშირებით. ბრიუსელის ოფიციალურ პირებს კიდევ ორი თვე აქვთ საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად.

ექსპერტებმა უნდა შეაფასონ, შეესაბამება თუ არა მილსადენი ევროკავშირის ბაზრის წესებს, რომლებიც კრძალავს ერთ კომპანიას იყოს მილსადენის მფლობელიც და გაზის მიმწოდებელიც.

მას შემდეგ რაც ფედერალური ქსელის სააგენტო ბრიუსელის დასკვნას მიიღებს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მას კიდევ ორი თვე ექნება. ამრიგად, სერტიფიცირების პროცესს შეიძლება რვიდან ათ თვემდე დასჭირდეს.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

“ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის მეშვეობით, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

კომენტარები
იტვირთება...