აშშ აზიაში რაკეტების განთავსებაზე მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ვაშინგტონი თავის მოკავშირეებთან ერთად აზიასა და წყნარ ოკეანეში საშუალო რადიუსის რაკეტების განლაგების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ანდრეა ტომპსონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

”ამ რეგიონის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენს მოკავშირეებთან შეთანხმებით მიიღება – ეს შეერთებული შტატების ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის,” -განაცხადა ტომპსონმა.
აგვისტოს დასაწყისში აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ მომავალი თვეების განმავლობაში აზიაში საშუალო რადიუსის სახმელეთო რაკეტების განთავსება სურს. სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ამ პროცესს შესაძლოა წლები დასჭირდეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ ამერიკული რაკეტები აზიაში განთავსდება, ისინი სამაგიეროს მიიღებენ. პეკინმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები თავისი ქმედებებით საერთაშორისო და რეგიონულ მშვიდობას საფრთხეს არ შეუქმნის.
2 აგვისტოს აშშ-სა და რუსეთს შორის INF-ის ხელშეკრულება ოფიციალურად დასრულდა. მხარეებმა ერთმანეთი მის დარღვევაში დაადანაშაულეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად