აშშ აცხადებს, რომ ერაყში, სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან

ერაყში, ამერიკის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად არცერთი სამხედრო დაშავებულა, – ამის შესახებ კოალიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაილს კეგინსმა თავის Twitter-ზე დაწერა.

„ეტ-ტაჯის სამხედრო ბაზაზე ამ მცირე დარტყმის შედეგად, კოალიციის არცერთი სამხედრო პირი დაშავებულა“, – წერს იგი.

ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა ეტ-ტაჯიზე სარაკეტო დარტყმა 14 იანვარს მოხდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბაზის მიმართულებით ხუთი რაკეტა გაუშვეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

8 იანვარს, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა, ერაყში არსებული აშშ-ის სხვა სამხედრო ბაზების მიმართულებით დაახლოებით 10 რაკეტა გაუშვა. თეირანის თქმით, ეს იყო მათი პასუხი აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის ლიკვიდაციაზე. იმავე ღამეს, თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი, ბორტზე მყოფი ყველა – 176-ვე ადამიანი დაიღუპა. თავიდან ირანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო, ხოლო მოგვიანებით აღიარეს, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, იგი უნებლიედ ჩამოაგდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სულეიმანი ამერიკის საელჩოების აფეთქებას აპირებდა. სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, თუ სად და როდის უნდა მომხდარიყო ეს აფეთქებები, თუმცა, მისი თქმით, ეს საფრთხე რეალური იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად