არმაზ ახვლედიანი: მელიას გათავისუფლების გარეშე კრიზისი ვერ განიმუხტება და ვერც ყველას მოაყოლებენ ამნისტიაში (ინტერვიუ)

მას შემდეგ რაც ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზეც უარი თქვა და იმაზეც, რომ გირაო ევროკავშირმა გადაიხადოს, მისი გათავისუფლების მექანიზმად რჩება 20 ივნისის ამნისტია, რაზეც პარლამენტი მუშაობს. თუმცა, დღეს მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ის არა მხოლოდ მელიას, არამედ ყველას შეეხება, მათ შორის პოლიციელებსაც.

ბევრისთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია. 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულმა მაკო გომურმა ოპოზიციას მიმართა: დაუსჯელობით დაღლილი დაზარალებული ვარ, არ მინდა ჩემი ამოთხრილი თვალის ხარჯზეც ვინმემ საჯდომები გაითბოს.

ოპოზიციის ის ნაწილი კი ვინც შეთანხმებას არ შეუერთდა ამ დოკუმენტის მიღების შემთხვევაში ოპოზიციის იმ ნაწილის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა. აღნიშნულ საკითხზე “აიპრესი” პოლიტიკოს არმაზ ახვლედიანს ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთია ოპოზიციის იმ ნაწილს შორის, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა.

20 ივნისის ამნისტიაზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. “ოცნებაში” თქვეს, რომ მათ შორის პოლიციელებსაც შეეხება. თქვენ როგორც დოკუმენტზე ხელმომწერი, იღებთ პასუხისმგებლობას ამ საკითხზე?

აქტიურად და ინტენსიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ისე კი არ მოხდეს, როგორც “ოცნებაში” ვიღაცას სურს, რომ განურჩევლად ყველას შეეხოს. ეს შეუძლებელია. მიშელის დოკუმენტი მკაფიოდ ამბობს თუ რასთან დაკავშირებით უნდა ამოქმედდეს ის აქტი. ის ეხება უპირველესად მათ, ვინც 20 ივნისის შედეგად უკანონობის მსხვერპლი გახდა. უკანონობის მსხვერპლი უპირველესად ნიკა მელიაა და არიან აქტივისტები. სხვა საკითხები ისე, როგორც “ოცნებაში” სურთ, ვერ განიხილება.

ანუ, არ დაუჭერთ მხარს იმ ფორმით, როგორც ეს “ოცნებას” სურს და რა განცხადებებიც კეთდება და მაშინ რა ბერკეტი რჩება იმისთვის, რომ მელია გამოვიდეს ციხიდან? 

ბერკეტი არის ამნისტია.

თუ “ოცნება” არ დაუჭერს მხარს იმ ფორმით, როგორც თქვენ გინდათ? 

“ოცნება” ბევრ რამეს არ უჭერდა მხარს, მაგრამ არსებობს ხელმოწერილი დოკუმენტი მიშელის, რომელიც გვაძლევს კონკრეტულ მანდატს და ამ მანდატში ისე არ არის აღნიშნული, როგორც ამას “ოცნება” ისურვებდა. შესაბამისად, ვის რა სურს, ეს კი არ არის მთავარი, არამედ ის თუ რა სულისკვეთებას გამოხატავს მიშელის დოკუმენტი. დოკუმენტი გვეუბნება, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს. ეს არის უპირველესი ამოცანა.

აქამდეც გვინახავს, როცა “ოცნებას” არ შეუსრულებია პირობები. ამ შემთხვევაშიც ინტერპრეტაცია რომ გააკეთოს, მაშინ რას მოიმოქმედებთ? 

“ოცნება” თუ რამეს არ შეასრულებს და ჩაშლის, ეს მათთვის რაც იქნება, კარგად იციან. შესაბამისად მე მინდა, რომ ეს პრაქტიკულად გამოვრიცხო, მაგრამ ეს “ოცნების” პასუხისმგებლობაა და მის ნაცვლად ვერაფერს ვერ გეტყვით.

დაზუსტებისთვის გკითხავთ – დღეს რაზეც საუბრობს “ოცნება”, ამნისტიის კანონის მიღებისას მხოლოდ იმ ფორმას თუ დათანხმდება მმართველი პარტია, მაშინ თქვენ აღარ მიიღებთ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას? 

მე თქვენ მკაფიოდ გითხარით – ხელი იმიტომ მოვაწერე, რომ კრიზისი განიმუხტოს. კრიზისის განმუხტვა შეუძლებელია მელიას გათავისუფლების გარეშე. სასწრაფოდ რომ გათავისუფლდეს, ამისთვის გვჭირდება ამ მექანიზმის გამოყენება, მაგრამ ამ მექანიზმის გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოაყოლონ ამ მექანიზმში, ვინც გაუხარდებათ. ეს არის შეუძლებელი და ეს “ოცნებაშიც” კარგად იციან, ამიტომ ვერ დავიწყებ სპეკულირებას და მით უფრო “ოცნების” მაგივრად ვერ გამოვხატავ ვერანაირ მოსაზრებას. ეს შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ. იმიტომ, რომ მშვენივრად იციან რა პასუხისმგებლობაც აკისრიათ. ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, “ოცნებასაც” და სხვებსაც, ვინც მოვაწერეთ ხელი. ასე, რომ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამ პასუხისმგებლობას და მიშელის სულისკვეთების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...