არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მოუწოდა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის განხილვაში

“ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, ხოლო პოლიტიკური სპექტრის ნაწილის ამოცანა და მათი მიდგომა არის ის, რომ თუ დისკუსიამ შედეგი გამოიღო, ეს შეაფასონ სპეკულაციურად.”

ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა,  პლენარულ სხდომაზე „საზოგადებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონპროექტის ირგვლივ  გუშინ გამართულ პოლიტიკურ დებატებს.

არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა ოპოზიციას, ჩაერთოს აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში.

მისივე თქმით, დღეს იწურება საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი შეზღუდვების ეტაპიდან ნაკლები შეზღუდვების ეტაპზე გადასვლას.

“გარკვეული შეზღუდვები დარჩება ბუნებრივია და ჩვენ მოგვიწევს უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტები გვაწვდიან, იმისთვის, რომ შევძლოთ სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა, შევძლოთ პოლიტიკური პროცესის სრულად განახლება და შევასრულოთ ის ამოცანები, რაც მიმდინარე რეჟიმში არსებობს. ამისთვის ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საკანონმდებლო მხარდაჭერაც. გუშინ იყო ძალიან გრძელი სამუშაო დღე, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. იყო ძალიან ამომწურავი და საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური დისკუსიაც. საზოგადოებამ განსხვავება კიდევ ერთხელ დაინახა, ჩვენი მიდგომა არის შედეგზე ორიენტირებული, ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, ხოლო პოლიტიკური სპექტრის ნაწილის ამოცანა და მათი მიდგომა არის ის, რომ თუ დისკუსიამ შედეგი გამოიღო, ეს შეაფასონ სპეკულაციურად. ეს არის განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ მიდგომებსა და ღირებულებებს შორის. მინდა მოგიწოდოთ ყველას და ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებსაც, რომლებიც ბიუროს სხდომას არ ესწრებიან, მაგრამ დაესწრებიან პლენარულ სხდომას, რომ ბოლომდე აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ ცვლილებების შემუშავებასა და განხილვაში,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად