არჩილ თალაკვაძე: ვემზადებით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ სექტემბერში მოხდეს სწავლის განახლება რეალურ რეჟიმში

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ სექტემბერში სწავლა რეალურ რეჟიმში განახლდეს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იუნისეფის განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა.

„ვინაიდან, სექტემბერი უკვე ახლოს არის, ჩვენ ხელისუფლება, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, უკვე ვაკეთებთ ყველა სამეცნიერო არგუმენტების კონსოლიდაციას, რათა ამ საკითხზე მივიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილება. მე პირადად, ვფიქრობ, რომ სექტემბერში სწავლის დაწყების პროცესს, იმ ყველა თანმდევი სერვისებით, რომელიც სწავლის პროცესს ახლავს, ჯერჯერობით როგორც ჩანს, პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ვემზადებით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ სექტემბერში მოხდეს სწავლის განახლება რეალურ რეჟიმში. თუმცა, ამაზე დიდი გავლენა ექნება ეპიდსიტუაციას, რომელიც სწავლის დაწყებამდე იქნება ქვეყანაში. დღეს ამ პროცესს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ამ მიმართულებით, ხელისუფლება მუშაობს აქტიურად”,- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დროა, ბავშვები ჩვეულ სასწავლო პირობებს დაუბრუნდნენ.

“სკოლები იმ პრიორიტეტულ დაწესებულებებს შორის უნდა მოექცეს, რომლებიც უსაფრთხოების ზომების დანერგვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეშე, მით უფრო იზრდება მათი დაუცველობა სხვადასხვა რისკების მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად