არჩილ თალაკვაძე: თუ ექიმებმა დაწერეს, რომ სააკაშვილს საავადმყოფო აღარ სჭირდება და შეიძლება, გადავიდეს სასამართლოშიც და დაბრუნდეს თავის დაწესებულებაშიც, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პენიტენციურმა სისტემამ

„სააკაშვილი, ერთი მხრივ, ამბობს, მე სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა ვიყო, რადგან ცუდად ვარ და სხვაგან ვერ ვძლებ, არ შემიძლიაო, ამავე დროს კი ამბობს, ცუდად არ ვარ, სასამართლოზე დასწრებისთვის მზად ვარო. ხომ ასეთია მოცემულობა და რომელია სიმართლე? ” -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში “დღის თემა” დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა დაესწროს თუ არა მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს თავისი საქმის სასამართლო განხილვას

არჩილ თალაკვაძის თქმით, პანდემიის პირობებში, როგორც საქართველოს, ისე ევროპული სახელმწიფოს მოქალაქეები ძალიან ხშირ შემთხვევაში ერთვებიან თავიანთ სასამართლო პროცესებში დისტანციურად და შესაბამისად, სააკაშვილისთვის ეს არავის აუკრძალავს.

„სააკაშვილი, ერთი მხრივ, ამბობს, მე სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა ვიყო, რადგან ცუდად ვარ და სხვაგან ვერ ვძლებ, არ შემიძლიაო, ამავე დროს კი ამბობს, ცუდად არ ვარ, სასამართლოზე დასწრებისთვის მზად ვარო. ხომ ასეთია მოცემულობა და რომელია სიმართლე? ეს ექიმებმა უნდა თქვან. თუ ახლა მისი ექიმები ამბობენ, რომ ის ისე გამოჯანმრთელდა, შეიძლება, დაბრუნდეს სასამართლოზეც და პენიტენციურ სისტემაშიც, ეს ღიად უნდა თქვან. იმიტომ, რომ ეს ორი რამ ლოგიკურად, ერთად ვერ იარსებებს. ან მკურნალობა სჭირდება და საავადმყოფოში უნდა იწვეს, ან უკვე მკურნალობა არ სჭირდება, ასეთი ტიპის ჩარევა და შეიძლება, გაეწეროს საავადმყოფოდან, მივიდეს სასამართლოშიც და დაბრუნდეს იმ დაწესებულებაშიც, სადაც კანონით ეკუთვნის. ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის. ეს არის ექიმებისა და პენიტენციური სისტემის გადასაწყვეტი. თუ ექიმებმა დღეს დაწერეს, რომ მას საავადმყოფო აღარ სჭირდება და შეიძლება, გადავიდეს სასამართლოშიც და დაბრუნდეს თავის დაწესებულებაშიც, სადაც კანონით ეკუთვნის, ეს გადაწყვეტილება, ექიმების აზრის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს პენიტენციურმა სისტემამ და არა პოლიტიკოსებმა, არც ოპოზიციიდან და არც საპარლამენტო უმრავლესობიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტთა განცხადებას, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენისა და საზოგადოების წინაშე წარდგომის ეშინია, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე ჩანს ყველა მედიასაშუალებაში, მაგრამ ამით შეშინებული ჯერჯერობით არავინ უნახავს.

კომენტარები
იტვირთება...