არჩილ თალაკვაძე: შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები დღეს არსებული მოდელით ჩატარდება

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტს კი არაპირდაპირი წესით 2023 წელს აირჩევენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „აიპრესს“ განუცხადა.

„ამ პროექტის მიხედვით, რომელიც დღეს კომისიამ დაამტკიცა, მომდევნო არჩევნები ჩატარდება უკვე პროპორციული წესით. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ამავე პროექტით, შემდეგი არჩევნები იქნება დღეს არსებული მოდელით ჩატარებული, ხოლო მომდევნო არჩევნები წარმოდგენილი პროექტით უკვე ჩატარდება ახალი წესით“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე აირჩევს საარჩევნო კოლეგია ფარული კენჭისყრით. საარჩევნო კოლეგიაში შევა 300 ხმოსანი.

რაც შეეხება პარლამენტს, პროექტის თანახმად, პარლამენტი შედგება ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.

პარლამენტის წევრის მანდატები გადანაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც.

პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები იქნება, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად