არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული პირველი და მეორე კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა განსხვავება ძველ და ახალ ოპოზიციას შორის

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტში გამოჩნდნენ ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც მკაფიოდ გამოხატეს თავისი პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა დემოკრატიული ცვლილებების მიმართ.

„ეს იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა რომ „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ასრულებს დადებულ პირობას და მზად არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადადგას მომდევნო ნაბიჯი, ერთგულია დემოკრატიული პრინციპების. ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა განსხვავება ძველ და ახალ ოპოზიციას შორის. გამოჩნდნენ ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში, რომელთაც მკაფიოდ გამოხატეს თავისი პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა დემოკრატიული ცვლილებების მიმართ. ეს არის დასაფასებელი და აღსანიშნი. ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზეც კი, რასაც დაპირდნენ საზოგადოებას, იმაზეც კი რაზეც შედგა შეთანხმება და ხელი მოაწერეს, ბუნებრივია არ არიან მზად და ვერც მომავალში შეძლებენ ვერანაირი პასუხისმგებლობის აღებას. სანაცვლოდ კარგია, რომ პარლამენტში გამოიკვეთა ახალი ოპოზიცია ან ოპოზიციის ის ფრთა, რომელსაც აქვს მეტი პასუხისმგებლობა და რომელიც მომავალშიც მზად არის, რომ დემოკრატიულ პროცესებსა და არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. ეს დაგვანახა პირველმა და მეორე კენჭისყრამ და მე იმედი მაქვს პროცესი ლოგიკურად და წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდება რომ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ 2018 წელს, იყო სწორი და ემსახურებოდა საქართველოს დემოკრატიას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.

“დღეს ჩვენ შეგვიძლია, რომ კიდევ ერთი მნიშვენლოვანი ნაბიჯი გადავდგათ წინ უფრო ევროპული, უფრო დემოკრატიული, უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემისკენ და მე იმედი მაქვს, რომ კენჭისყრაზე ექნება სრული მხარდაჭერა მესამე მოსმენით ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად