არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია

“დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, შეიქმნა სამუშაო ფორმატი, რომელიც განიხილავს ეუთოს რეკომენდაციებს საარჩევნო გარემოს და კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და საშემოდგომო სესიაზე მივიღებთ ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში”. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთო-ს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია და ახლა, როცა შეიქმნა სამუშაო ფორმატი და რეკომენდაციებზე მუშაობა დაიწყო, მათ თქვეს, რომ ეს მეორეხარისხოვანია.

მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის დროს სწორედ მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

„დღეს ოპოზიცია ისე აჩვენებენ ხალხს თავს, თითქოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყოველთვის ძალიან უნდოდათ. იყვნენ ხელისუფლებაში და შეეცვალათ, რა უშლიდათ ხელს? მათგან განსხვავებით, ჩვენ ეს შევცვალეთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. პირველ სამუშაო შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ტრადიციულად არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება, თუმცა მერე კი მოსწონთ და იყენებენ ყველა სიკეთეს, რაც ჩვენს გადაწყვეტილებებს მოაქვს. სამწუხაროა, რომ საქმიანი ფორმატის ნაცვლად, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია – კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ. მიუხედავად ამისა, ეს სამუშაო პროცესი გაგრძელდება და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ვალდებულებებს საზოგადოებასთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...