არჩილ თალაკვაძე: რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია იყო კოვიდის წინააღმდეგ წარმატების შემქმნელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი რგოლი და ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ეს განცხადებები, რბილის ძალის გამოყენება და პროვოკაციები არის საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილი. რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას და დღეს, ეს ყველაზე მეტად დგას ჯანდაცვის სისტემაზე და ლუგარი არის საქართველოს ჯანდაცვის ნაწილი. რუსეთი რეალურად მარტო ლუგარის ლაბორატორიას კი არ ესხმის თავს და მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში, უნდა შესვლა და ჩარევა საქართველოს დემოკრატიაში, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში – ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ამით ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. რუსეთს უნდოდა და მომავალშიც მოუნდება ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზეც და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პრორუსულმა ძალებმა არ ისარგებლონ იმ დესტრუქციით, რასაც ეგრეთწოდებული “პროდასავლური ოპოზიცია” აკეთებს დღეს“ -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ის ფაქტი, თუ როგორ იყენებს რუსეთი რბილ ძალას საქართველოში, უნდა იყოს ძლიერი არგუმენტი გადაწყვეტილების მისაღებად დასავლური პოლიტიკური წრეებისთვის, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ მინდა დაგარწმუნოთ, რუსეთი საქართველოს მომავალს ვერ შექმნის, ჩვენს მომავავალს ვქმნით ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, საქართველო გააგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას, საქართველო გააგრძელებს თავისი ინსტიტუტების გაძლიერებას. ჩვენ შევეცდებით, რომ განვითარების მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ კონფლიქტები, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ევროკავშირსა და ნატოში – ეს დროის საკითხია”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად