არჩილ თალაკვაძე: პანდემიის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე კიდევ გაგრძელდება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სწრაფად აღდგეს ეკონომიკა

„როგორც ჩანს, პანდემიის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე კიდევ გაგრძელდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა, ადამიანები დაბრუნდნენ სამსახურებში, აღდგეს სასწავლო პროცესი, ყველა სოციალური, ეკონომიკური ფუნქცია განახლდეს ისე, როგორც ეს პანდემიამდე იყო, თუმცა, გვესმის, რომ ამას დასჭირდება დრო, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ მოქალაქეზე“.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა  მთავრობის სოციალურ ინიციატივებს.

მისი თქმით, სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების გვერდით იქნება.

„გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, იმ ოჯახების სოციალური და ეკონომიკური დახმარება, ვინც ყველაზე მეტად დააზარალა პანდემიამ. ჩვენ ვაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს თანამოქალაქეებზე. ამიტომ, დღეს მივიღეთ ახალი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. ყველა ბავშვი სასწავლო პროცესის დაწყებამდე მიიღებს ერთჯერად ორას ლარიან დახმარებას. ჩვენ ასევე, გადავწყვიტეთ, რომ დავეხმაროთ დამატებით სამასი ლარით ერთჯერადად 80 ათას თვითდასაქმებულ ადამიანს და გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ სტუდენტებს, 150 ათასი სოციალური ქულის ფარგლებში, ყველა სტუდენტი მიიღებს ერთი სემესტრის დაფინანსებას სახელმწიფოსგან, დამატებით, ის სტუდენტები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტების სტატუსი გადაუხდელობის გამო, მიიღებენ სახელმწიფოსგან ერთწლიანი საფასურის დახმარებას, რაც 1225 ლარს მოიცავს. და ასევე, ნოემბერ-თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო დაფარავს ყველა ოჯახის კომუნალურ გადასახადს დადგენილი ლიმიტის ფარგლებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად