არჩილ თალაკვაძე: ნიკოლოზ გვარამია, რეალურად, მედიას ამოფარებული პოლიტიკური პირატია

„ზუგდიდში მომხდარ დანაშაულზე რეაგირებისას, სამართალდამცავებს ჰქონდათ ორი ამოცანა, პირველი – მძევლების უვნებლად გათავისუფლება და მეორე, – დამნაშავის დადგენა და დაკავება. პოლიციამ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა მთავარი ამოცანა – უვნებლად გაათავისუფლა ყველა მძევალი. ამის შემდეგ, უმოკლეს დროში დაადგინა დამნაშავის ვინაობა და დაიწყო მისი ძებნის ოპერაცია. ბუნებრივია, ეს ვერანაირად მოდიოდა შესაბამისობაში ნიკოლოზ გვარამიას და მისი დაჯგუფების ინტერესებთან, რომ მუდმივად დააზიანონ სახელმწიფო ინსტიტუტები. ამიტომ, ნიკოლოზ გვარამიამ,რომელიც რეალურად, არის მედიას ამოფარებული პოლიტიკური პირატი, დადგა სპექტაკლი, რომ თითქოს მან დაადგინა დამნაშავის ვინაობა და ეს საზოგადოებას აცნობა პირდაპირ ეთერში – სინამდვილეში, რამდენადაც ცნობილია, პოლიცია უკვე ეძებდა სავარაუდო დამნაშავეს. აბსურდია, რომ ამ ინფორმაციამ პოლიციიდან გაჟონა – სინამდვილეში, როცა საპოლიციო დანაყოფები სოფლებში ეძებდნენ სავარაუდო დამნაშავემ, იმის გამოთვლა და გაგება, თუ ვის ეძებდნენ – საკმაოდ ადვილი იყო.“

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში დამნაშავის ძებნის სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, სამართალდამცავებმა ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს ის ამოცანა, რაც ადამიანთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას გულისხმობდა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით “სამაგალითო იყო პოლიციელების და სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ავთანდილ გალდავას მოქმედება, როდესაც მან მძევლები გაათავისუფლა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. მან მაგალითი მისცა ყველა პოლიციელს ამ ქვეყანაში, თუ რას ნიშნავს თავდადება, რას ნიშნავს პროფესიული პასუხისმგებლობა”.

„ნიკოლოზ გვარამია, რეალურად, მედიას ამოფარებული პოლიტიკური პირატია. ეს არის ადამიანი, რომელმაც საზოგადოებას პირდაპირ უთხრა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა ჟურნალისტებს და ტელევიზიას. მის ამ განცხადებაზე ვერ დავინახეთ მედიის თავისუფლების დამცველი მისი პოლიტიკური მეგობრების შეფასებები ან კრიტიკა. როგორც ორი წლის წინ, ის დღესაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ჟურნალისტებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად