არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ არიან მზად პასუხისმგებლიანი პოლიტიკისთვის

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს განმარტონ, რას ნიშნავს განცხადებები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას ელოდებიან.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღვენდელ სხდომაზე განაცხადა და მადლობა გადაუხადა ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც გუშინ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს.

“ვფიქრობ, საზოგადოებამ გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახა, რომ მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მიერ დადებული პირობა და აღებული პასუხისმგებლობა განუხრელად სრულდება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს და შეასრულებს ვალდებულებას, რომელიც  მოქალაქეების, საერთაშორისო პარტნიორების, თუ სხვა პოლიტიკური პარტიების წინაშე იყო აღებული.

“ამ შეთანხმებით, ასევე მათაც ჰქონდათ აღებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ მხარი დაეჭირთ ამ ცვლილებებისთვის. გუშინ ასევე კარგად გამოჩნდა, რომ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ არიან მზად პასუხისმგებლიანი პოლიტიკისთვის, არ არიან მზად რომ შეასრულონ ვალდებულება, რომელიც ხელმოწერით დააფიქსირეს. შესაბამისად, ვფიქრობ ეს უკიდურესად დესტრუქციული დამოკიდებულებაა. ეს არის მიდგომა, რომელიც მომავლის პასუხისმგებლიანი სტაბილური პოლიტიკისგან თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს ამ ორ პარტიას. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ოპოზიციის იმ ნაწილს რომელმაც ორივე მოსმენაზე მხარი დაუჭირა ცვლილებებს. ეს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იყო და სათანადოდ ვაფასებთ მათ მონაწილეობას ამ პროცესში. შეშფოთებული ვარ, გუშინ „ევროპული საქართველოს“ მიერ გაკეთებული განცხადებით, რომ ელოდებიან, რომ ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილება. ეს იმაზე მძიმე დამოკიდებულებაა, ვიდრე მხარდაჭერისგან თავის შეკავება. მე მოვუწოდებ ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, რომ დროულად განმარტონ რასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად