არჩილ თალაკვაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტს პრესსასამსახური ავრცელებს

შეხვედრაზე საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის მოლაპარაკებებისა და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობას.

არჩილ თალაკვაძემ და მედლინ მუნმა ყურადღება საქართველოს პარლამენტსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობასა და იმ წვლილზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესში საპარლამენტო განზომილებებს შორის აქტიურ კავშირებს შეაქვს.

საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და დემოკრატიულ რეფორმებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ოკუპაციისგან მომავალ საფრთხეებს შეეხო.  ხაზგასმით აღინიშნა რომ საქართველო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს რეგიონში და რომ მისი სტაბილურობა და უსაფრთხოება გადამწყვეტი ფაქტორია რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ და მედლინ მუნმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტისა და ასამბლეასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო არის  და მომავალშიც იქნება ნატოს და დასავლური ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე და პარტნიორი.

“ მივესალმებით ამ თანამშრომლობის გაღრმავებას. საპარლამენტო განზომილება, რომელიც არსებობს საქართველოს პარლამენტსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას შორის, არის და დარჩება მომავალშიც ძალიან ძლიერი. საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გაწევრიანდეს ნატოში და გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები ნატოს ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში იცავენ თავისუფლებას და იცავენ ღირებულებებს, რომელიც   გვაერთიანებს. საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას. რეფორმები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით, მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის რეფორმის თვალსაზრისით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით- ეს არის პროცესი, რომელიც ადასტურებს, რომ ვაძლიერებთ დემოკრატიას. საქართველო რჩება და მომავალშიც იქნება რეგიონში ნატოს და დასავლური ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე და პარტნიორი. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს დემოკრატიულ მიღწევებს და ვუფრთხილდებით უსაფრთხოებას, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მშვიდობიანი,  დემოკრატიული გაძლიერების, ჩვენი საჯარო სამსახურის განვითარების, მოქალაქეებთან დემოკრატიულ ფორმატებში საუბრის გზით, მომავალში აუცილებლად  შევქმნით მომავალში აუცილებლად მომენტს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მოხდება დეოკუპაცია და ეს დიდი გამოწვევა, რომელიც  ჩვენს ქვეყანას აქვს, გადაიჭრება. შესაძლოა ეს არის რთული გზა, რომელსაც სჭირდება დიდი მოთმინება და  ბევრი შრომა, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თავის მხრივ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმ პროგრესის სანახავად, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველოსთან პარტნიორობა და მუშაობა, ურთიერთობა და მისი მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდი რომ უფრო ადრე ჩამოვსულიყავი საქართველოში, თუმცა, ჩემი ვიზიტის გადადება სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ახლა მაქვს საშუალება, ვიმყოფებოდე საქართველოში ჩემს თურქ, პორტუგალიელ და ლატვიელ კოლეგებთან ერთად, რომლებიც ჩემთან ერთად მოისმენენ და ნახავენ ყველაფერს, რაც ხდება. შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით ლონდონში,  საპარლამენტო ასამბლეაში, და ასამბლეას, ასევე, ჩვენს ქვეყნებს ვაცნობებთ იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და ასევე, სამომავლო ნაბიჯებზეც, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას. რადგან გზა დემოკრატიისკენ ყოველთვის გრძელდება, ის არასდროს სრულდება და ყოველთვის წინ უნდა იარო. ამის გაკეთება რთულია მაშინაც კი, როცა ამ გზას დიდი ხანია ადგახარ, და კიდევ უფრო რთულია მაშინ, როცა ახალი ხარ ამ გზაზე. მესმის იმედგაცრუებებისა, რომლებმაც ხანდახან ცვლილებების ნელი ტემპის გამო შეიძლება იჩინონ თავი, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისაა, რომ ცვლილებები ხდება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ცვლილებები ხდება საქართველოში, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კავშირები მტკიცეა.  ჩვენ ვნახეთ პროგრამა, რომელიც ჩვენთვის იქნა შედგენილი და მინდა გითხრათ, რომ ეს არის შესანიშნავი პროგრამა, რომელიც გვაძლევს ყველა შესაძლო წვდომას რასაც კი ვისურვებდით, ყველა შესაძლებლობას, რომ წავიდეთ, ვნახოთ და დავაკვირდეთ, მოვისმინოთ. ეს არის პირდაპირი მაგალითი, რომ ქვეყანა მოწადინებულია, მოახდინოს თავისი ღიაობის, გამჭვირვალეობისა და მზაობის დემონსტრირება. ასე რომ, მადლობას გიხდით, ბატონო თავმჯდომარევ ამ პროგრამისთვის. ეს არის ნათელი გზავნილი ჩვენთვის იმ გზის შესახებ, რომლის გავლაც ჩვენთან ერთად გინდათ“,- განაცხადა მედლინ მუნმა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...