არჩილ თალაკვაძე: მზად ვარ გიგი წერეთელთან და რომან გოცირიძესთან საჯარო დებატებისთვის!

"წინა ხელისუფლების პერიოდში C ჰეპატიტის მკურნალობისთვის მხოლოდ 30 პატიმრისთვის იქნა შეძენილი პრეპარატი. თუმცა, მკურნალობა მხოლოდ 15 პატიმარს ჩაუტარდა დანარჩენი 15-ის ბედი კი დღემდე უცნობია. ასევე დღემდე გაურკვეველია იყვნენ თუ არა ის ადამიანები ნამდვილად სოციალურად დაუცველები, რომლებმაც სახელმწიფოსგან მიიღეს დახმარება,"-  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრიმა დავით სერგეენკომ "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა.

როდის დაიწყო  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? როგორია პატიმართა მკურნალობის სტატისტიკა და რატომ ჭირდებოდათ პატიმრებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება C ჰეპატიტის მკურნალობისთვის?

"ამ პროგრამის განხორციელების ნიადაგი შექმნა წინა ხელისუფლებამ და წარმატებით გააგრძელა ახალმა." – ამ განცხადებას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე აკეთებს. 

ასეთივე მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნაცინალური მოძრაობიდან, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს გიგი წერეთელსაც. მის აზრს იზიარებს "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შსს-ს მინისტრის მოადგილე, ვახტანგ თალაკვაძე, რომლის იდეაც იყო C ჰეპატიტის მასშტაბური პროექტის ციხეში დაწყება (როდესაც ის სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო) აცხადებს, რომ ის მზად არის ნებისმიერ მათგანს, ნებისმიერ თოქშოუში დაუჯდეს დებატებზე და ყველა კითხვაზე, რაც  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პრეისტორიას  ეხება, პასუხი გასცეს

არჩილ თალაკვაძე: რამდენადაც ვიცი,  ბატონი წერეთელი და გოცირიძე აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი და მოამზადა ჯანდაცვის სისტემა იმისთვის, რომ პროგრამა დაწყებულიყო. შევეცდები, დეტალურად აღგიწეროთ სიტუაცია, რომელიც დაგვხვდა. როდესაც ჩვენ მივედით სასჯელაღსრულების სისტემაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო ძალიან მაღალი. ამ სიკვდილიანობის შემთხვევებში საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი იყო ინფექციური პათოლოგიები, განსაკუთრებით ცე ჰეპატიტი. დავიწყეთ პაციენტების გამოკვლევა, ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ღვიძლის შორს წასული დაზიანება, ცეროზი.  ამ ადამიანებს არც მკურნალობა და სხვათაშორის არც დიაგნოსტიკა ჩატარებიათ წინა წლებში.

ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საქართველომ  4 საქმე წააგო სტრასბურგში, სადაც  სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, ეს არის წამლების აკრძალვა. ოთხივე გადაწვეტილებაში ძალიან ნათლადაა მოცემული, რომ პატიმრები სახელმწიფოს იმის გამო უჩიოდნენ, რომ ცე ჰეპატიტის ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა  ვერ მიიღეს სასჯელაღსრულების სისტემაში. მათ შორის ორი საქმე საქართველომ წააგო 2012 წელს. ამ 4 საქმიდან ოთხივეში დაევალა სახელმწიფოს,  ემკურნალა ამ ადამიანებისთვის.

ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი საქმეა, პოღოსიანის, რომელსაც სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ვერ მოუსწრო…

დიახ პოღოსიანი სახელმწიფომ  სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან მოკლე დროში გაათავისუფლა და შემდეგ სასამართლოს უპასუხა, რომ მკურნალობის პრობლემა არ იყო აქ, მაგრამ ეს პატიმარი აღარ არისო. ძალიან ვწუხვარ, რომ პოღოსიანი გარდაიცვალა განთავისუფლების შემდეგ მოკლე დროში.

როდესაც მივედი სასჯელაღსრულებაში და სიტუაცია შევისწავლე, აღმოჩნდა, რომ  არანაირი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ცე ჰეპატიტთან დაკავშირებით არ არსებობდა სისტემაში. მკურნალობდნენ მხოლოდ რამდენიმე პატიმარს და აქედან ერთი ადამიანი  თავისი სახსრებით მკურნალობდა. ჩვენ როცა მივედით, ორი ადამიანი ამთავრებდა მკურნალობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემული მედიკამენტებით.  

ზუსტად მახსოვს, რომ 2013 წელს როდესაც რუსთავის მეთქვსმეტე დაწესებულება,  დავხურეთ რემონტზე, ეს პროცესი დაიწყო მარტში და პირველი ინვენტარიზაცია ჩავატარეთ,სათავსოების დალაგება დაიწყეს სამშენებლო ბრიგადებმა. მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ სათავსოში ინახებოდა ერთი ყუთი ინტერფერონი და რიბავირინი, (ანტივირუსული პრეპარატები), რომელსაც ვადა ჰქონდა გასული. ინახებოდა სრულიად უსარგებლოდ, მაშინ როდესაც პატიმრები კვდებოდნენ მკურნლობის გარეშე.

თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ციხეებში ცე ჰეპატიტის მკურნალობის სტრატეგია კერ კიდევ 2009 წელს ჰქონდათ შემუშავებული.

ახლავე აგიხსნით მაგასაც: 2009 წელს, მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგისთვის რაღაც ეჩვენებინათ, თითქოს სახელმწიფო ამ მიმართულებით რაღაცას აკეთებდა, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს სასჯელაღსრულების სისტემაში ცე ჰეპატიტის პრობლემის მოგვარების სტრატეგია. ამ სტრატეგიაში, რომელიც 3 გვერდზე წერია, არაფერი  კონკრეტული არ არის, თარიღები და ვადებიც კი არ არის განსაზღვრული, როდის უნდა დაიწყოს დიაგნოსტიკა ან მკურნალობა. უბრალოდ წერია, რომ ცე ჰეპატიტი ეს არის პრობლემა, რომ ამას უნდა გამოვუცხადოთ ბროძოლა, რომ საჭიროა პრევენცია, რომ პატიმრები მკურალობას საჭიროებენ  და ა.შ. და  2013 წლამდე, სანამ ბატონი ივანიშვილის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტმა პროგრამა არ დაამტკიცა, არ შევისყიდეთ მედიკამენტები და არ ჩავუტარეთ ყველა პატიმარს რუტინული ტესტირება, მანამდე არანაირი პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემაში არ არსებობდა. მხოლოდ მკურნალობდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც 3-4 წელი დახარჯეს სტრასბურგში მკურნალობის უფლების მოსაპოვებლად. წინა ხელისუფლების დროს მკურნალობდნენ მხოლოდ პრივილეგირებულ ერთეულებს, რომლებმაც თვითონ შეძლეს და ეს მედიკამენტი შეიტანეს სასჯელაღსრულების სისტემაში. ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც გლობალური ფონდი ჯანდაცვის სამინისტროს გავლით მკურნალობას უფინანსებდა, ეს იყო შიდსით დაავადებული პატიმრები, რომელთაც ასევე სჭირდათ ცე ჰეპატიტის ვირუსი. პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლების დამსახურება, რომ ეს მკურნალობები საერთოდ დაიწყო.

ბატონო არჩილ, ეს გამოუყენებელი ინტერფერონი და ლიბავირინი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სასიცოცხლოც კი ყოფილიყო ადამიანებისთვის, რატომ უნდა გაეფუჭებინათ,  როდესაც უამრავი პატიმარი, საჭიროებდა ამ მედიკამენტს? რაში უნდა დაჭირვებოდა ციხის ადმინისტრაციას ეს? გაქვთ რაიმე ვერსია?

მოვერიდები უსაფუძვლო ბრალდებებს, მაგრამ  მინიმუმ, ეს იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, რომ ეს მედიკამენტები გამოუყენებელი იყო სადღაც საწყობში, როდესაც ადამიანებს სჭირდებოდათ. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ეს ფაქტი  პირდაპირ ჯდება ადამიანთა უფლების დარღვევის კონტექსტში, რასაც წინა ხელისუფლების დროს სისტემატური ხასიათი ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებეში. ეს არის რეალობა. ასე რომ, მე პირადად მზადყოფნას გამოვთქვამ იგივე ბატონ წერეთელს, ბატონ გოცირიძეს, თუ დამპატიჟებს მედია მათთან ერთად სადმე საჯარო დებატებზე თუ რომელიმე თოქშოუში, კიდევ ერთხელ შევახსენო ეს ფაქტობრივი ინფორმაცია მედიის საშუალებით.

იმ პერიოდში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე გახლდათ. თუმცა, მისთვის თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გამო პასუხი არავის მოუთხოვია. თუ ფიქრობდით, რომ დარღვევები იყო, რატომ არ მოითხოვეთ სათანადო რეაგირება?

მე მაქვს ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, რომ ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელი მედიკამენტი იდოს სადღაც საწყობში და მას არ იყენებდნენ სამკურნალოდ. რაც შეეხება ამ მედიკამენტის წარმომავლობას, ჯანდაცვის სამინისტროს რამდენადაც ვიცი აქვს ინფორმაცია, რომ ეს მედიკამენტი მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა სწორედ იმ შემთხვევების და იმ ადამიანების სამკურნალოდ, რომლებიც ასაჩივრებდნენ საკუთარი უფლებების დარღვევას სტრასბურგში.  ასე ვთქვათ, ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა სასჯელაღსრულებას ამ მედიკამენტების მარაგი. ზუსტად როდის მოხდა, რა რაოდენობით იყო და ა.შ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ჰკითხოთ ჯანდაცვის მინისტრს. მე უბრალოდ ერთ რამეს შეგახსენებთ, რაც ძალიან ცნობილი ფაქტია რომ სტრასბურგში მომჩივარი პატიმრები იმსახურებდნენ განსაკუთრებულ რისხვას და განსაკუთრებული დევნის ობიექტები იყვნენ სასჯელაღსრულების სისტემაში და მათ ეძახდნენ სტრასბურგელებს. "სტრასბურგელი" მაშინ იყო იარლიყი, სტატუსი, რომელიც ნიშნავდა განსაკუთრებით შემაწუხებელ პატიმარს, რომლის მიმართაც ყველანაირი რეპრესია უნდა გამოეყენებინათ. თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, "სტრასბურგელების" სამკურნალოდ "რამხელა ენთუზიაზმი" იქნებოდა მაშინ სისტემაში. ასე რომ, სულაც არ მიკვირს, ეს მედიკამენტები  აუთვისებელი რომ დარჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად