არჩილ თალაკვაძე: ირაკლი ოქრუაშვილი მომავლის პოლიტიკოსი არ არის-წარსულთან ოპონირებას კი არ ვაპირებთ

„იმ პირობებში, როდესაც  ხელისუფლებამ გახსნა პოლიტიკური პროცესი, ტარდება პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და  იცვლება მთელი საარჩევნო კანონმდებლობა, ისე, რომ ყველას ეძლევა არჩევნებში რეალურად მონაწილეობის შესაძლებლობა – ალოგიკურია საკითხის დასმა ოქრუაშვილის პოლიტიკური ნიშნით დაკავების შესახებ“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სახელმწიფოს მართვის ის მეთოდები,  რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობდა,  სრულიად მიუღებელია. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის დაკავება ამ განცხადებების გამო არ მომხდარა.

„თქვენ ნახეთ განცხადებები, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა  ამ დღეების განმავლობაში გააკეთა და სადაც ის საუბრობდა როგორ ურთიერთობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნესთან ის და მისი მეგობრები, საიდან ახდენდნენ ფულის მობილიზაციას, როგორ ხდებოდა სავარაუდოდ ფულის გათეთრება და სხვა ადამიანების გამოყენებით, აქტივების გადაფორმება, როგორ ხდებოდა არაფორმალური მოლაპარაკებები პრეზიდენტის კარზე და როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები.  ამ ყველაფრის შემდეგ რა პოლიტიკურ მოტივაციაზეა საუბარი?! თანაც, მისი დაკავება ამ განცხადებების გამო არ მომხდარა, არამედ მოხდა იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებები გამოძიებამ წარმოადგინა პარლამენტთან 20 ივნისს მომხდარის შესახებ. თქვენც ხომ ნახეთ ის ვიდეჩანაწერები“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...