არჩილ თალაკვაძე: გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი ოპოზიციიდან, რომელსაც ვფიქრობ, ნამდვილად სურს, რომ შეთანხმება შედგეს

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ გიორგი ვაშაძემ უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად მიიჩნევს, რომ დემოკრატიისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა, ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის.

„ჩვენ მზად ვართ პრინციპულად, რომ ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან განვიხილოთ შეთანხმების საკითხი, თუ ისინი გადახედავენ პოზიციას, რომელიც ჰქონდათ ბოლო დიალოგში. მე რასაკვირველია, მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელია შედგეს ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან. თუ ოპოზიცია მზად არის გადადგას ნაბიჯი და დაეთანხმოს პირობებს, „ქართული ოცნება“ მზად არის შეთანხმებისთვის. ამიტომ, ამ კონტექსტში, რასაკვირველია, გიორგი ვაშაძის განცხადება მისასალმებელია. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, მზად ვართ დიალოგისთვის, თუ შეთანხმების შესაძლებლობა გამოიკვეთება. ამას სჭირდება ოპოზიციის მხრიდან გადახედვა იმ დამოკიდებულებისა და იმ პასუხების, რაც ბოლო დიალოგში იყო გაკეთებული. იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებელი გახდება უახლოეს პერიოდში. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დიალოგის შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა. გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც, სადაც ჩანს, რომ საზოგადოება არ უჭერს მხარს ბოიკოტს, არ უჭერენ მათი მხარდამჭერებიც კი იმ გაკოტრებულ, დესტრუქციულ გეგმას, რომელსაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახვევდა თავს მთელს ოპოზიციას, რომ ცვლილებები ან გადაწყვეტილებები მიღებულიყო პარლამენტის გარეთ და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით. ეს გეგმა არის გაკოტრებული და ვფიქრობ, ამას სწორად ხედავს გიორგი ვაშაძე და სხვა მისი კოლეგები, ვისაც აქვთ ასეთი დამოკიდებულება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...