არჩილ თალაკვაძე: ეუთო/ოდირის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ შეძლო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება

საქართველოს პარლამენტის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებ​თან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ანგარიშში ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად, საქართველომ შეძლო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მთავარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან ჩვენ მიერ ჩატარებული არჩევნების შესაბამისობას განსაზღვრავს.

„შეფასება გახლავთ გაცილებით პოზიტიური, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებშია მოცემული და საუბარია, რომ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად ჩამობრძანდნენ საქართველოში, მხარი დაუჭირეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და აკვირდებოდნენ ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს. ასევე, გვსურს, რომ მადლობა გადავუხადოთ მთელს საზოგადოებას, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს. საქართველომ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ.

საჯარო ბრიფინგზე ნათქვამი იყო, რომ პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები მოელიან უკვე ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას შემდგომი რეფორმების, კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და გვსურს ჩვენი მხრიდან განვაცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, დემოკრატიული რეფორმების შემდგომ პროცესში მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან.

ეს ანგარიში გახლავთ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასება და მისი შედეგების აღიარება. ნათქვამია, რომ ის ჩატარდა კონკურენტულად და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად