არჩილ თალაკვაძე: ძლიერი გუნდი გვყავს და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ

„ჩვენ მზად ვართ მეათე მოწვევის პარლამენტში ნებისმიერი კონფიგურაციისთვის და ნებისმიერი დონის ოპონირებისთვის – ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, გვაქვს პროგრამა და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია“.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მრავალპარტიულ დემოკრატიასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეალური ნაბიჯები მულტიპარტიული დემოკრატიისკენ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა, თანაც, ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
„არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი დემოკრატიული რეფორმები არ გაუტარებია, როგორიც ჩვენ გავატარეთ საზოგადოების მხარდაჭერით. შესაბამისად, დღეს ჩვენი ქვეყანა მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ეს არის ჩვენი გუნდის და ჩვენი საზოგადოების დამსახურება. ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რადგან გვსურდა გვქონოდა ქვეყანა, სადაც მოქალაქეები რეალურად მონაწილეობენ ქვეყნის მართვაში. ამ ღირებულებების ერთგულნი ვიყავით, როცა მოვედით ხელისუფლებაში და ამ ღირებულებების ერთგულნი ვართ დღესაც“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე შეფასებით, რაც არ უნდა აკრიტიკონ საარჩევნო გარემო და სისტემა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატების რაოდენობა უკვე მიუთითებს, რომ საქართველოს უკვე აქვს კონკურენტული საარჩევნო სისტემა და თავისუფალი საარჩევნო გარემო.
„რაც არ უნდა კრიტიკა მოვისმინოთ ოპოზიციისგან საარჩევნო სისტემის და საარჩევნო გარემოს მიმართ, მონაწილე პარტიების რაოდენობა და კანდიდატების რაოდენობა თავისთავად მიუთითებს, რომ საქართველოს უკვე აქვს კონკურენტული საარჩევნო სისტემა და თავისუფალი საარჩევნო გარემო. ისინი სიტყვით აკრიტიკებენ ამ ყველაფერს, მაგრამ მეორეს მხრივ, საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიციური პარტიები ადგილებს და პოზიციებს ვერ იყოფენ, იმდენად აქტიურად არიან ჩართული საარჩევნო კამპანიაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებს და საპარლამენტო გუნდს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად