არჩილ თალაკვაძე: დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლებლობას არავის მივცემთ

“2024 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის მიღებული გადაწყვეტილება არის ძალაში და ის ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში”. – ​ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, სამწუხაროა, რომ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტმა საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა არც ერთ სხვა ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიას, „ქართული ოცნების“ გარდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არასდროს მიუღია.

„მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ, სამწუხაროდ, საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა საქართველოს პარლამენტში, გადაწყვეტილება, რომელიც ერთი წლის წინ მივიღეთ, 2024 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რჩება ძალაში და არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, წინა რომელიმე ხელისუფლებას, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ის არის ასახული კონსტიტუციაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას და დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალება არავის მიეცემა.

„ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას. თანამოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ იქნება სიმშვიდე, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაიმე სახით ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს. პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია დღის წესრიგში. ეს არის: მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს გაუადვილებს საკუთრების დარეგისტრირებას, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც ამ ორი კვირის განმავლობაში განიხილება, საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი, სადაც არის გათვალისწინებული ხელფასების ზრდა ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. გათვალისწინებულია პენსიების ზრდა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი რესურსი დევნილებისთვის საცხოვრისების ასაშენებლად, ისევე, როგორც მსხვილი რეგიონული პროექტებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამას და მივიღებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები, დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად