არჩილ თალაკვაძე: ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას

ხვალ, 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი, შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა , საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. ეს მინდა ცალსახად განვაცხადო.

შეგახსენებთ, ასევე რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, არათუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო, არამედ 2012 წლამდე არსებული რეპრესიული რეჟიმის პირობებშიც კი, სწორედ არსებული საარჩევნო სისტემით შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალის ჩამოშორება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს , როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვსმჯელობთ.

საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები თავისი არჩევანის გაკეთებას აუცილებლად შეძლებენ 2020 წლის არჩევნებში. ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო განვითარებისთვის. სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს! მე რა თქმა უნდა ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, მე პატივს ვცემ რა თქმა უნდა მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად