არჩილ თალაკვაძე: ავთენტურ რუკებს აუცილებლად გამოვიყენებთ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ქვეყანა უკანასკნელ პერიოდში აღმოჩენილ დოკუმენტაციას გამოიყენებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა,  ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ დავით გარეჯის საკითხი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად გადაწყდეს.

„ჩვენი, როგორც ხელისუფლების დამოკიდებულება არის ზუსტად ის, რომ დავით გარეჯს ვხედავთ როგორც ეროვნული მნიშვნელობის საკითხს. ის ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგის მიღმაა და ამას ვერავითარ შემთხვევაში პარტიულ დღის წესრიგში, რომელიმე პარტიის გადმოსახედიდან არ და ვერ განვიხილავთ. ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლება, რომ დავით გარეჯის საკითხი აერთიანებს ჩვენს ყველა თანამოქალაქეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში იმისთვის, რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და გავარკიოთ ის სადავო საკითხები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან, აზერბაიჯანთან, რომელიც წლების განმავლობაში იდგა დღის წესრიგში. თუ ამას დაეხმარება ავთენტური რუკები, რომლებიც ბოლო პერიოდში იქნა მოწოდებული და აღმოჩენილი, მათ შორის, გამოძიების მხრიდან, ჩვენ ამას აუცილებლად გამოვიყენებთ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე. ჩვენი ამოცანა ამ მომენტში არის, რომ უზრუნველვყოთ სასაზღვრო ხაზების შეთანხმება ისე, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული დავა მოგვარდეს და აღმოიფხვრას ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ. არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთი, არც ერთი დღე ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონოდა პრიორიტეტული ინტერესი დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და ეს ასე იქნება მომავალშიც, სანამ ეს საკითხი არ დარეგულირდება მშვიდობიანად და მეგობრულად ჩვენს მეგობართან, აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან. ამის შესაძლებლობა, იმედი მაქვს, რომ იქნება ამ ახალი გარემოებების აღმოჩენით. შემდეგ მოლაპარაკებებზე ჩვენ ამ გარემოებებს დავაყენებთ კომისიის სხდომებზე და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავით გარეჯის საკითხი გადაწყდეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით,  საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სამართლებრივი პროცესია, რომელშიც პოლიტიკური ჩარევა მისაღები არ არის.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად