არჩილ თალაკვაძე აშშ-ში იმსჯელებს ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, არჩილ თალაკვაძე შეხვედრებს სენატორებთან და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში იღებს მონაწილეობას, სადაც დემოკრატიის განმტკიცებაში, პარლამენტის წევრების როლზე ისაუბრებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ძირითადი თემები დაასახელა, რომლებზეც შეხვედრებისას გამახვილდება ყურადღება.

„მთავარი საკითხებია დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს მიმართ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ახლა ასე მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ საკონსტიტუციო რეფორმასა და არჩევნებზე. ასევე, ვიმსჯელებთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

საქართველომ აირჩია სწორი, მაგრამ რთული გზა, რომ ჰქონდეს წარმატებული დემოკრატიული სისტემა გამოწვევებით და სირთულეებით სავსე რეგიონში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა აუცილებელია შემდგომი პროგრესისთვის.

ვფიქრობ, ეს სამუშაო ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს წაადგება და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პარლამენტსა და კონგრესს შორის თანამშრომლობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...