არჩილ თალაკვაძე: არ ვიცი, რომელია მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება, მაგრამ მე მახსოვს მისი დაახლოებით 30 დამარცხება

„მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ“.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, წარსულის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დღემდე ახორციელებს დესტრუქციას.

„ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე თავის დონეზე დამატკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე. ხოლო რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს, არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში. ეს არის განსხვავება ჩვენს შორის. კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება – გუშინ, როდესაც საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ჩვენი რეაქცია იყო და ჩვენი პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ხოლო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის განცხადება იყო, რომ ეს არის მათი გამარჯვება, თან, მეორე გამარჯვება, ფაქტობრივად, ამ ადამიანებმა, თავის თავზე, სრულიად უტიფრად და სრულიად სიცრუეზე დაყრდნობით მიიწერეს ის გამარჯვება, რაც მთელ საქართველოს ეკუთვნის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ. ამიტომ აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა რომ მათ მხარდამჭერებს რაღაც მიყიდონ, მომავლის იმედი, სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არის წარსულის პოლიტიკური ძალა და როგორც ხედავთ, დღემდე ახორციელებენ დესტრუქციას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად