არჩილ თალაკვაძე: არ ვაპირებთ, რომ პასუხისმგებლობა ვინმეს გადავაბრალოთ

 “ჯერჯერობით რაც ჩვენს წინაშე არის მოცემულობა, არის ის, რომ გიორგი გახარიამ და შს სამინისტრომ მოახდინა რეაგირება იმაზე, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის მეორე ნაწილში გარკვეულმა ძალებმა სცადეს პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება და შეტევა მიიტანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე. ასეთ დროს შს მინისტრი და სამინისტრო ვალდებულია იმოქმედოს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში.” ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “ევროპული საქართველოს” მიერ დასმული საკითხის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების პარლამენტში განხილვას და ამ მოვლენებში შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს ეხება.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკამათო არავისთვის არ არის, რომ ამ საკითხს აქვს ორი ნაწილი: პოლიტიკური და სამართლებრივი.

“პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ და არ ვაპირებთ რომ ეს პასუხისმგებლობა ვინმეს გადავაბრალოთ. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული აქვს “ქართულ ოცნებას” და მმართველ გუნდს. მეორე ნაწილში, როდესაც საუბარია სამართლებრივ რეაგირებაზე და პასუხისმგებლობაზე, აქაც როგორც ნახეთ, რეაგირება სახელმწიფომ დაიწყო თავის ნაწილში. ამას ემატება ის, რომ შს მინისტრმა თვითონ დააფიქსირა ძალიან სწორი და დემოკრატიული პოზიციები, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობაზეც, გამოძიებაზეც და შეფასება გააკეთა იმ ნაწილზე, რომელიც მისი კომპეტენცია იყო. რაც ეხება განხილვას, იცით რომ მან მიმართა პარლამენტს, რათა განხილვა საჯარო ფორმატში უზრუნველყოს პარლამენტმა.”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეკითხვაზე, თუ როდის მოხდება სესიაზე აღნიშნული საკითხის განხილვა, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ შემდეგი სხდომა იქნება რეგლამენტით, საშემოდგომო სესიაზე, რადგან დაიხურა საგაზაფხულო სესია, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ ჩატარდეს ჩავატაროთ რიგგარეშე სხდომა ივლისში. მისი თქმით, მანამდე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის იქნება კონსულტაციები კონკრეტულ თარიღები განისაზღვრება იმისათვის, რომ პარლამენტმა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვოს რიგგარეშე სხდომა. ​​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად