არჩილ ტატუნაშვილის მამა: დღესაც დაუსჯელები არიან ჩემი შვილის მკვლელები

“ჩემთვის ეს დღე არის ამ ბიჭების გმირობის სიმბოლო. ჩემი შვილი კვირაში ორი-სამი დღე მაინც ამოდიოდა აქ, პატივს მიაგებდა ამ ბიჭებს”.

ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გივი ტატუნაშვილმა ჟურნალისტებთან მუხათგვარდის სასაფლაოზე განაცხადა, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული მისი შვილიც განისვენებს.

“როგორ გითხრათ, მთავრობას რაც შეუძლია აკეთებს. ერთი ეგ არის, რომ დღესაც დაუსჯელები არიან ჩემი შვილის მკვლელები. სასამართლო პროცესიც მგონი არ დასრულებულა, არც ვიცი, მიუსაჯეს თუ არა დაუსწრებლად იმ ორს, რომლებიც იყვნენ მხილებული ჩემი შვილის დაკავებასა და წამებაში”, – განაცხადა გივი ტატუნაშვილმა და მისი ვაჟის ტრაგიკული მკვლელობის ამბავიც გაიხსენა.

“22 თებერვალს ახალგორში დააკავეს ჩემი შვილი. წაიყვანეს ცხინვალის მიმართულებით. იქ შესთავაზეს, ეღიარებინა, რომ ის იყო ამერიკელებისგან მომზადებული და შესულიყო დივერსიული აქტის მოსაწყობად, აეფეთქებინა მდინარე ქსანზე არსებული ხიდი, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს და წამებაში მოკლეს. სხეულზე ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, რომ დარტყმები არ ჰქონოდა მიყენებული. ამის შემდეგ 26 დღე ცხედარს არ გვაძლევდნენ. შემდეგ ცხედარი გადმოგვცეს, მაგრამ გადმოგვცეს შინაგანი ორგანოების გარეშე”, – თქვა გივი ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს წამებით მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ტატუნაშვილის წამება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შეიტყვეს, რომ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე პასუხისგებაში ამ დრომდე არავინაა მიცემული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად