არჩილ ხაბაძე, შესაძლოა, ზურაბ პატარაძემ ჩაანაცვლოს

აჭარის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა, მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. არჩილ ხაბაძე ადასტურებს, რომ თანამდებობიდან მისი წასვლის საკითხი დღის წესრიგში დგას. ხაბაძე, ადასტურებს, რომ მის შემცვლელად, საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარაძის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება.

„მიდის მსჯელობები და თუ კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ახლო პერიოდში გაცნობებთ. ჩემი სხვაგან გადასვლის შემთხვევაშიც ერთმნიშვნელოვნად ფიქსირდება, რომ ვრჩები გუნდში. ჯერ არ ვიცი სად ვიქნები, მაგრამ არის ვერსია, რომ გუნდის ყველა წევრი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას, რომელიმე პოზიციას, იქ უნდა გაუკეთოს რეალიზაცია თავის თავს. ჩვენ აქტიურად მოვემზადებით საარჩევნო პროცესისთვის, იმ გამოწვევებისთვის, რაც მოცემულ შემთხვევაში გვაქვს. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში და ამას აუცილებლად წარმოვაჩენთ, არავის მივცემთ უფლებას, რომ დისკრედიტაცია გაუკეთოს დღევანდელ მთავრობას. მათ ვისაც ამაზე პრეტენზია აქვთ, ამდენი არ გაუკეთებიათ ჩვენი რეგიონისთვის.

ამ გუნდში ვინ სად იქნება, ეს გადაწყდება რამდენიმე დღეში. შესაძლებელია, დავრჩე ამ პოზიციაზე, შესაძლებელია, სათავეში ჩავუდგე უმაღლესი საბჭოს სიას, შესაძლებელია, პარლამენტში მოვხვდე გამსვლელ სიაში, ან სხვა პოზიციებზე. უახლოეს პერიოდში გეცოდინებათ. რაც შეეხება პატარაძეს. ის არის ჩვენი კუთხის შვილი, გამოცდილი დიპლომატი და პროფესიონალი თავისი საქმის და მისი ცოდნა და კომპეტენცია არის გამოსაყენებელი. როგორ იქნება მისი რესურსი გამოყენებული, ამასაც დამატებით გაცნობებთ. მთავარია რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...