“არავითარი ნარკოპლანტაციები” – ირმა ინაშვილი გამაფრთხილებელ აქციას აანონსებს

"არავითარი ნარკოლეგალიზაცია და არავითარი ნარკოპლანტაციები!" – საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიტების" თავმჯდომარე ირმა ინაშვილი გამაფრთხილებელ აქციას აანონსებს.

მისი თქმით, აქცია 30 სექტემბერს ან 6 ოქტომბერს გაიმართება. 

"პატრიარქის ქადაგება, როგორც ყოველთვის, ორიენტირებული იყო არა ვითარების გამწვავებაზე, არამედ სტაბილურობის, მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და შეთანხმების სულისკვეთებაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადება ნიშნავს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ავტორები და ლობისტები აქცენტს ამიერიდან პროექტის საინფორმაციო კამპანიაზე გადაიტანენ. სწორედაც რომ დათმობაა (და დათმობა არასდროს ცუდი არაა, კარგია) ამ ეტაპზე 2 კანონპროექტის ერთმანეთისგან გამიჯვნა, მაგრამ დააკვირდით: არსებითი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს კანაფის წარმოების პროექტზე, არამედ გვეუბნება, რომ დაგვარწმუნებს, – რამდენად მომგებიანი და უსაფრთოა ის ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის. ირიბად გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ წარმოდგენილი კანონპროექტის არსი და შეეცდებიან,- ეს გაგვაგებინონ. ვიმეორებ: მარტივი პოზიცია მაქვს- კონცეპტუალურად, არსებითად, ცალსახად ვეწინააღმდეგები საქართველოში კანაფის კულტივაციის პროექტს. თუ ვინმეს სურს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება ააგოს მაინც და მაინც კანაფის წარმოებასა და ექსპორტზე, მას უნდა გავაგებინოთ, რომ არსებობს ეკონომიკური წინსვლის სხვა, თანამედროვე, ბევრად უსაფრთხო საშუალებები.

პარალელის გავლება სხვა ქვეყნებთან ( ისრაელი, საბერძნეთი და ა.შ), სადაც კანაფის წარმოებაა დანერგილი, არასაკმარისი, უსაგნო, არასაჭირო არგუმენტია პირადად ჩემთვის. ის, რაც სასარგებლო და მისაღებია ერთი ქვეყნისთვის, სახიფათოა მეორისთვის. ისრაელს, აჯობებს, სამეცნიერო ტექნოლოგიების წარმოებაში მივბაძოთ და მივბაძოთ საკუთარი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების დაცვაში.

კანაფის წარმოებისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი ხელისუფლებას დღის წესრიგიდან არ მოუხსნია. დროში გადადეს. ვიმეორებ: ფიქრობენ, რომ ეს დრო გამოიყენონ საზოგადოების ინფორმირებისათვის, რათა საზოგადოება ამ იდეის მოკავშირე გახდეს. სულ რომ ერთი დავრჩე ქვეყანაში, მაინც არ დავუჭერ მხარს წარმოდგენილ პროექტს.

ხელისუფლების იმ წარმომადგენლების საყურადღებოდ ვწერ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ უნარი არ გვაქვს წაკითხული ტექსტიდან აზრი გამოვიტანოთ: რამდენჯერმე წავიკითხე თქვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი. გარწმუნებთ, არა მარტო პირდაპირ, არამედ სტრიქონებს შორის ვკითხულობ, რა გიწერიათ.

ვითვალისწინებთ რა, პატრიარქის პოზიციას, ჯერ ვნიშნავთ გამაფრთხილებელ აქციას, თარიღს ხვალ გამოვაცხადებთ, სავარაუდოდ, ეს 30 სექტებერი ან 6 ოქტომბერი იქნება!

არავითარი ნარკოლეგალიზაცია და არავითარი ნარკოპლანტაციები!", – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...