“არა ცათამბჯენებს რივიერაზე” – აქცია ბათუმში

”ბეტონყმობა”, “არ დავთმობთ”, ”’არა ცათამბჯენებს რივიერაზე” – მოწოდებებით კიდევ ერთი აქცია ბათუმში. ბათუმის ისტორიული იერსახის დამცველები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადაწყვეტილება შეცვალოს და ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დააყენოს.

აქციის მონაწილეებმა აქციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კარიკატურაც მიიტანეს წარწერით stop და ასევე ბათუმის საკრებულოს დეპუტატების ფოტოებიც, ვინც “რივიერას” განაშენიანების გეგმას რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა.

“ვეუბნებით არას ცათამბჯენების მშენებლობას რივიერაზე. მოვითხოვთ, არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა და ერთადერთი ღია სივრცე, რომლითაც ბათუმი ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის ზღვისპირა ქალაქის იდენტობას, ხოლო ჩვენ, ბათუმელებს, გვაქვს შემორჩენილი ერთადერთი ღია სივრცე ზღვაზე გადასასვლელი, შეუნარჩუნდეს ქალაქს. რივიერას ჩაბეტონებით ბათუმს საბოლოოდ ამოქოლავენ ბეტონის კედლით. საკმარისია ის კედელი, რაც ქალაქსა და ზღვას შორის აღმართეთ და წაგვართვით ჰაერი, ეკოლოგია და ქალაქის სწორად განვითარების შანსი.

ჯერ კიდევ არ არის გვიან ძველ ბათუმს შევუნარჩუნოთ სანაპირო. ჯერ კიდევ რივიერას გახსნილი სივრციდან ზღვის ჰაერი მთისას უკავშირდება და ქალაქი ნიავდება, ჩვენ კი ვსუნთქავთ. მოვითხოვთ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მეცნიერების კვლევები, რომლებიც საფრთხეებზე მიუთითებენ და ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ,”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნათია აფხაზავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად