“არ გამოვა ეს პროვოკაცია” – სოფო კილაძემ და ეკა ბესელიამ ერთმანეთს ვერ გაუგეს

​პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სოფო კილაძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტის განხილვისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ თემატური შეკითხვა დასვა: პრინციპის დონეზე, ბავშვების კინოჩვენებაზე საჯაროდ დასწრება როდის ჩაითვლება დარღვევად.

აღნიშნულის საპასუხოდ, სოფო კილაძემ ეკა ბესელიას მიმართა, რომ “ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ პროექტში ჩაეხედა და გადაეხედა იმ თავისთვის, სადაც განსაზღვრულია ბავშვის დაცვა საჯარო სივრცეში.

ეკა ბესელიამ ტრიბუნასთან მდგომ სოფო კილაძეს შეახსენა, რომ ის ვალდებულია, კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არა ზოგადი, არამედ კონკრეტული პასუხი გასცეს.

“თუ მომხსენებელმა იცის რას ეხება კითხვა, ვალდებულია პასუხი გასცეს და არა აქეთ-იქით გადაამისამართოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას ეს განცხადება სოფო კილაძემ პროვოკაციულ ქმედებად აღიქვა.

“მესმის, რომ პროვოკაციების გარკვეული მცდელობებია, მაგრამ არ გამოვა ეს პროვოკაცია. გიპასუხეთ მე და მეტი პასუხი არ მაქვს“, – მიმართა ბესელიას სოფო კილაძემ.

ეკა ბესელიამ სოფო კილაძეს ეთიკურობისკენ მოუწოდა.

“არ ვიცი, პროვოკაციები რა კონტექსტში იყო გამოყენებული, უკეთესია ტერმინების განმარტებით დავკავდეთ, თუ არ ვიცით, როდის რა სიტყვას ვიყენებთ. ძალიან მარტივ საკითხს ვსვამ და კითხვას არ მოვხსნი მანამ, სანამ პასუხს არ მივიღებ” -განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...