“არ დავთმობთ ბულვარს” – აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის სახლთან, მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საპროტესტო აქცია გაიმართა. “არ დავთმობთ ბულვარს”, “გაბედე შენც” – ამ ლოზუნგებით, აქციის მონაწილეებმა, დღევანდელი შეკრებით, ბულვარის ყოფილი დირექტორის მხარდაჭერა გამოხატეს.

“ირაკლი ჯინჭარაძის თანამდებობიდან გადაყენებით, მათ თითი დაუქნიეს ნებისმიერ საჯარო მოხელეს, თუ გაბედავთ იგივე დაგემართებათ თქვენცო. ეს მეტი არაფერი იყო თუ არა დაშინება. ხვალ და ზეგ განაშენიანების გეგმა უნდა დამტკიცდეს , არ დავუშვათ, რომ ბულვარი წაგვართვან, ჩააბეტონონ, შეჩერდით სანამ დროა”-აცხადებენ საპროტესტო აციაზე მისული მოქალაქეები.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი. ირაკლი ჯინჭარაძეს აინტერესებს საიდან გაიგო აჭარის მაუწყებელმა გათავისუფლების შესახებ მასზე უფრო ადრე.

“მაინტერესებს რა დავაშავე? მე მხოლოდ ვთქვი, რომ რაც არის ხალხის ის უნდა იყოს ხალხის. ბულვარი ყველასია და რატომ უნდა გახდეს ვიღაცის. თუ გინდ ეს იყოს ეკონომიკურად მომგებიანი, მინისტრის არგუმენტია, რომ აშენდეს ,,ამბასადორი” და გადაეცეს პლაჟი კომპანიებს იჯარით. მაინტერესებს რატომ? ეს არის ძალიან პატარა სივრცე, ძალიან პატარა სანაპირო გვაქს.
მაქვს მოთხოვნები, მაინტერესებს საიდან გაიგო აჭარის ტელევიზიამ ჩემი გათავისუფლების ამბავი ჩემზე ადრე. მე მეორე დღეს 12 საათზე მივიღე ბრძანება და ზუსტად სიტყვა სიტყვით იყო გადაწერილი, რაც ტელევიზიამ დაანონსა. სად არის ტელევიზიიის ბორდი? წყარომ უთხრა? ეს არის ერთ-ერთი დამადასტურებელი, რომ ჩემზე არის ზეწოლა და ეს არის შეთქმულების თეორია. თუ 2019 წლიდან დამნაშავე ვიყავი, თავის დროზე რატომ არ მომხსნეს, რატომ არ შეეშინდათ ასეთი ბინძური ადამიანის, რომელიც ქრთამშია გარეული, რატომ გამაჩერეს საერთოდ”- განაცხადა აქციაზე გამოსვლისას, ირაკლი ჯინჭარაძემ.

აქციაზე, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი დააჯარიმა.
ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელი ირმა ზოიძე ასფალტზე წარწერის “არ დავთმობთ ბულვარს” დატოვებას ცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. განუმარტეს, რომ მსგავს ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმას ითვალისწინებს. პოლიციელის ამ განცხადებას სამოქალაქო აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტი და შეკამათება მოჰყვა. მოგვიანებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააჯარიმეს. სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ გზის სავალი ნაწილზე წარწერების გაკეთება აკრძალულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...