“არ დაინდოთ არავინ!” – კახა კალაძის ბრძანება უსაფრთხოების ნორმების დამრღვევებზე

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“თქვენც ხედავთ დედაქალაქში რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ხშირად პარალელურ რეჟიმშიც კი. ეს გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, თუმცა მთავარი შედეგია. ეს სამუშაოები მიმართულია დედაქალაქისა და მოსახლეობის კეთილდღეობისკენ.

ყველას გვინდა რომ ხვალინდელი თბილისი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურა, სადაც არ გვექნება მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა. იქნება ახალი მწვანე სივრცეები და იქნება უსაფრთხო. როდესაც ასეთი მადშტსბური პროექტები მიმდინარეობს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს უსაფრთხოების თემებს.

ძალიან ხშირად მიწევს სამუშაოების დათვალიერება და არის შემთხვევები, სადაც უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. მჯერა, მოსახლეობა გვაპატიებს სამუშაოებით გამოწვეულ დისკომფორტს, თუმცა ერთია დისკომფორტი და მეორე უსაფრთხოება. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენმა კონტრაქტორმა კომპანიებმა, რომლებსაც უწევთ მიწის გათხრითი სამუშაოები, ასევე პროვაიდერებმა, იქნება ეს ჯივიპი, თელასი, ყაზტრანსგაზი, ინტერნეტკომპანიები და ა.შ. მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოება, რათა ფეხით მოსიარულეები და ავტომანქანის მძღოლები დაცულნი იყვნენ დაზიანებისგან.

მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს, განახორციელოს ყველა პროვაიდერი თუ კონტრაქტორი კომპანიის კონტროლი და რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, ვინც დაარღვევს ამ მოთხოვნებს, მყისიერი რეაგირება მოახდინეთ და არ დაინდოთ არავინ!

დღეიდანვე იმოქმედეთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვნია ადამიანების უსაფრთხოება და სიცოცხლე.” – განაცხადა კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...