“არ არსებობს, ვინმე უსამართლოდ დაგვეჩაგროს და რამე დაგვებრალებინოს”

"ვისაც ჩემთან შეხება ჰქონია, არ არსებობს უსამართლოდ ადამიანი დაგვეჩაგროს და მასზე რამე გადაგვებრალებინოს", – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერით ზოოპარკის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას თბილისის ზოოპარკის დირექტორისთვის კითხვა არ დაუსვამს. მისი თქმით, მან განმარტებები შს მინისტრს მოსთხოვა.

"ამ შემთხვევაში ინფორმაციის პირველი წყარო არის ზოოპარკის დირექტორი და ზოოპარკი ზოგადად. პირველი, ვისთანაც მიდის ინფორმაცია ეს არის უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელი ჩვენს უსაფრთხოებაზე – შსს. მას უნდა მოეხდინა გადამოწმება. ამის შემდეგ ინფორმაცია მოდის კრიზისების მართვის საბჭოში, საბოლოო ინფორმაცია მოდის ჩემამდე.

კრიზისების მართვის საბჭო დაეფუძნა შსს-ს ინფორმაციას, იმიტომ რომ ზოოპარკთან გადაამოწმა. არ შეიძლება დააბრალო, არ შეიძლება სცოდნოდა შსს-ს რამდენი ცხოველი იყო ზოოპარკში. ეს ინფორმაცია ზოოპარკიდან უნდა წამოეღო. მოხდა ისე, რომ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა და აღმოჩნდა, რომ ერთ ვეფხვს და ერთ აფთარს ეძებენ. დავარქვათ ამას… რომ რთული დღეები იყო ყველასთვის.

იყო რაღაც დიდი ემოციური ფონი, შოკი იყო ყველასთვის, მოხდა ასეთი გაუგებრობა. ეს არის ძალიან მძიმე, ამის ახსნა ძალიან რთულია და ამაზე… ისეთი კამპანია ააგორეს ოპონენტებმა, თითქოს ვაპირებდით ჯოხის გადატეხვას ზოოპარკის დირექტორზე.

არასოდეს, ვისაც ჩემთან შეხება ჰქონია, არ არსებობს რომ უსამართლოდ ადამიანი დაგვეჩაგროს და მასზე რამე გადაგვებრალებინოს. ჩემი პრინციპი არის ყოველთვის სამართლიანობა, ჰუმანურობა და კანონიერება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, 13 ივნისს ძლიერი წვიმის გამო თბილისში 19 მოქალაქე დაიღუპა. გმირთა მოედანზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე და ვერეს ხეობაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის მაშველები 3 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციის სახით 10 000 ლარს მიიღებენ. მიყენებული ზარალი კი 100 მილიონ ლარად ფასდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად