აქუბარდია დავით გარეჯზე: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭება რუსეთის ინტერესებშია 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებული პრობლემები, დროებით მოგვარებულია. თუმცა, საკითხის ბოლომდე მოსაგვარებლად, საქართველოს მთავრობამ დელიმიტაციის კომისია უკვე დამტკიცდა, რომელსაც კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულმა ბოლო პერიოდის მოვლენებმა, ქართული საზოგადოების ნაწილი გაანაწყენა, რის გამოც აზერბაიჯანს ოკუპანტიც კი უწოდეს.

რამდენად ადეკვატურია საზოგადოებაში გავრცელებული პოზიცია, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტია და ჰგავს თუ არა ეს ყველაფერი მართულ პროცესს და ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან? ამასთან დაკავშირებით „აიპრესთან“ “თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი” თეონა აქუბარდია აცხადებს:

„რა თქმა უნდა ის განწყობები რაც მოყვა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს, საზოგადოებაში საკმაოდ ემოციურად იყო აღქმული, რასაც ასევე მოჰყვა საზოგადოების ნაწილისგან განცხადებები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის პრეისტორია ამ საკითხთან დაკავშირებით რაც საბჭოური მემკვიდრეობის შემდგომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა.

სადემარკაციო სამუშაოები დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ კვლავაც მიმდინარეობს და გარკვეული ხნით კომისიის მუშაობა შეჩერებულიც იყო, რაც მისი წევრების ხელახალ დაკომპლექტების პრობლემას უკავშირდებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა განცხადებები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტია ერთის მხრივ არასწორია და მეორეს მხრივ აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთადერთი ოკუპანტი ყავს რუსეთის სახით, ეს აღიარებულია არამხოლოდ ჩვენი კანონმდებლობით, არამედ პარტნიორი დასავლეთის ქვეყნების მიერაც.

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭება რუსეთის ინტერესებშია, რადგან საქართველოს აქვს თანამშრომლობა აზერბაიჯანთან სამხრივ ფორმატში თურქეთის ჩართულობით როგორც ენერგეტიკის ისე სამხედრო კუთხით. ამასთან აზერბაიჯანი საქართველოს ამარაგებს გაზის 80%- ით რაც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას რუსეთისგან.

საგულისხმო იყო ამ კონტექსტში სუს-ის ანგარიში, სადაც კონტრდაზვერვით საქმიანობის ნაწილში ნათლად ეწერა რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ საქართველოს ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებთან. ამიტომ ვის ინტერესებშია საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან, რომელიც გარდა იმისა, რომ საქართველოს გავლით კასპიის ენერგორესურსებს ევროპას საქართველოს გავლით აწვდის, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებლობა აზერბაიჯანს უკავშირდება.

შესაბამისად ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი ამ ჭრილში. და მისასალმებელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა დარსალია იმყოფებოდა ბაქოში ამ საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაზე. და ვიმედოვნებ, მთავრობა ამ გამოწვევას გაუმკლავდება ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი პარტნიორობის საკითხი“, – განაცხადა თეონა აქუბარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...