აქციაზე დაშავებული 6 პაციენტი საავადმყოფოში რჩება, აქედან ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ 20 ივნისს დაშავებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიას მიაწოდა.

დღეის მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი, მათ შორის 3 განაგრძობს მკურნალობას „რეგიონალურ ჰოსპიტალში“. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილი არიან ალადაშვილის კლინიკიდან ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრება რეაბილიტაციისთვის. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მისი ჰემოდინამიკა დადებითია , რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, ცალსახად გამორიცხულია ამ ეტაპზე იმის დადასტურება, თუ რისგან მიიღეს პაციენტებმა დაზიანებები ეს ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ საზღვარგარეთ, ერთ-ერთ პოლიციელთან მიმართებაში ორშაბათს იგეგმება სამი ოპერაციული ჩარევა. მეორე პოლიციელს აქვს თვალის დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მიმდინარეობს რეაბილიტაცია. მესამე პაციენტი, რომელიც იმყოფება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის დიაგნოსტიკურ კვლევებს. უახლოეს დღეებში რამდენიმე პაციენტის საზღვარგარეთ გამგზავრება კიდევ იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...