აპრილში, საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 42.3%-ით შემცირდა

2020 წლის აპრილში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 42.3 პროცენტით შემცირდა და 79.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობამ 47.7 პროცენტით 10.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით შემცირდა ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (-87.7 პროცენტით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ცვლილებაში -0.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საანგარიშო თვეში იკლო ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (-34.9 პროცენტით), რაც იტალიიდან (-27.5 პროცენტით), ესპანეთიდან (-60.4 პროცენტით) და
საბერძნეთიდან (-37.9 პროცენტით) შემცირებული ოდენობის გზავნილებმა განაპირობა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან თითქმის იმავე დონეზე დარჩა გერმანიიდან მიღებული გზავნილები. რეგიონის ქვეყნებიდან გადმორიცხვები გაზრდილია აზერბაიჯანიდან, ხოლო თურქეთიდან და რუსეთიდან კლება დაფიქსირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ისრაელიდან (-4.7 პროცენტით) და ყაზახეთიდან (-66.1 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (43.8 პროცენტი) და
რუსეთი (16.6 პროცენტი) წარმოადგენდნენ.

ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად