Apple, ახალი კორონავირუსის გამო, ჩინეთში ყველა ოფისსა და მაღაზიას დროებით დახურავს

კომპანიამ Apple, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთის მატერიკზე, 9 თებერვლამდე ყველა ოფისისა და მაღაზიის დაკეტვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც Bloomberg-ი ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია წამყვანი ექსპერტების მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ონლაინ-მაღაზიები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

კომპანია აღნიშნავს, რომ თვალს მიადევნებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას და რაც შეიძლება მალე აღადგენს მუშაობას.

კომპანია Apple, თავისი პროდუქციის დიდ ნაწილს ჩინეთში აწარმოებს, ვინაიდან სწორედ ეს ქვეყანა წარმოადგენს მისი ბაზრის მთავარ ნაწილს. გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში ჩინეთში 3,2 მილიონი iPhone ჩატვირთეს.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ გასული დღეების განმავლობაში ახალი კორონავირუსისგან, ხუბეის პროვინციაში 45 ადამიანი დაიღუპა. ამგვარად, მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 258-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ – 11 ათას ადამიანს.

31 იანვარს, ვირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა რუსეთში. ორივე მათგანი ჩინეთის მოქალაქეა. ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, შვედეთში, კანადაში, აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, სინგაპურში, მალაიზიაში, ნეპალში, ავსტრალიაში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

ახალმა კორონავირუსმა გავრცელება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაიწყო. როგორც ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, დაავადების გავრცელების მიზეზი გარეული ცხოველები არიან, რომელთა ხორციც ზღვის პროდუქციის ბაზარზე იყიდებოდა. სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ინკუბაციურ პერიოდშიც კი გადადის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად