Apple 14 სექტემბერს Iphone 13-ის პრეზენტაციას გამართავს

14 სექტემბერს ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია Apple ახალი Iphone-ის პრეზენტაციას გამართავს. არსებობს მოლოდინი, რომ კომპანია მომხმარებელს Iphone 13-ის რამდენიმე ახალ ვერსიას წარუდგენს. ტექნოლოგიურმა გიგანტმა პრესისთვის ვირტუალურ ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევები უკვე დაგზავნა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც ცნობილია, ღონისძიებას ერქმევა “კალიფორნია სტრიმინგი” და, ტრადიციულად, Apple პარკის შტაბ-ბინაში, კუპერტინოში გაიმართება.

Apple პროდუქციის მრავალფეროვან შემადგენლობას, სავარაუდოდ, კიდევ ოთხ სმარტფონს შემატებს: Iphone 13 Mini-ს, Iphone 13-ს, Iphone 13 Pro-ს და Iphone 13 Pro Max-ს. ერთგული მომხმარებელი კომპანიისგან კიდევ ერთ სიახლეს უნდა ელოდოს: ცნობილია, რომ მზადდება Apple Watch სერია 7 განახლებული პარამეტრით და, რაც მთავარია, გაცილებით უფრო გამძლე ელემენტით. სიახლე ელით AirPods-ის მოყვარულებსაც – 14 სექტემბერს ახალი თაობის, განახლებული დიზაინის AirPods 3-ის პრეზენტაციაც გაიმართება, რომელიც უფრო მეტად დახვეწილი იქნება და ე.წ. “თაჩ კონტროლის” ფუნქციასაც შეიძენს.

როგორც წესი, Apple-ის სექტემბრის ყოველწლიური ღონისძიება წლის განმავლობაში ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კომპანიამ Iphone 12-ის გამოშვება ოქტომბრამდე გადადო, გლობალური პანდემიის შედეგად წარმოქმნილი შეფერხებების გამო.

რაც შეეხება ტექნოლოგიურ სიახლეებს, Apple წელს კამერის სისტემაში გარკვეულ ცვლილებებს აანონსებს. Iphone 13-ს და შედარებით უფრო ბიუჯეტურ Iphone 13 Mini-ს, სავარაუდოდ, უკანა კამერის ორი ლინზა დიაგონალურად ექნება განლაგებული, რაც გადასაღები არეალის მოცულობას კიდევ უფრო მეტად გააფართოვებს. კამერის ნაწილში ცვლილებები ძირითადად ემსახურება იმას, რომ გადაღებისას სტაბილიზაცია მეტად ეფექტიანი იყოს. ასევე, ე.წ. პორტრეტის რეჟიმის გამოყენება ამჯერად უკვე ვიდეოგადაღების დროსაც იქნება შესაძლებელი და სმარტფონს ე.წ. ასტროფოტოგრაფიის მხარდაჭერის ფუნქციაც ემატება, რაც ღამით ცაზე სურათების გადასაღებადაა.

კომპანია აანონსებს იმასაც, რომ ახალი Iphone-ის ეკრანი კიდევ უფრო მოცულობითი იქნება სენსორული ეკრანის გაფართოების ხარჯზე. ცხადია, გაუმჯობესებულია 5G მხარდაჭერის სისტემაც და ელემენტის გამძლეობაც. დანარჩენს კი Apple-ის და Iphone-ის მოყვარულები 14 სექტემბერს, ვირტუალურ ღონისძიებაზე იხილავენ. შესაძლოა, ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიამ მომხმარებელს დამატებით სხვა სიახლეებიც გააცნოს.

კომენტარები
იტვირთება...