“აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას ნორმალური ხელისუფლება არ უნდა განიხილავდეს”

საპარლამენტო უმცირესბობის წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხს, ნორმალური ხელისუფლება(საქართველო რედ.) არ უნდა განიხილავდეს და ეს საქართველოს რუსეთთან მიბმის საწინდარს შექმნის,-ამის შესახებ მან "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა. 

როგორც დარჩიაშვილმა მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ეს არის ნორმალური პროცესი, თუმცა რკინიგზის აღდგენის საკითხი ქვეყნისთვის სახიფათოა.

"არის ამაშიც ირონია, წლების წინ რასაც გვაბრალებდნენ, ახლა უცებ დაიწყეს ამის კეთება. პრივატიზაცია არის ნორმალური პროცესი, ნორმალურ ცივილიზებულ ინვესტორს, ეს პრივატიზებული ობიექტები მერე ზურგზე მოკიდებული არ მიაქვს სხვა ქვეყანაში, ეს ყველაფერი რჩება სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე და იძლევა შემოსავალს. მაგრამ რა თქმა უნდა, არის ისეთი კონტექსტი, რომელიც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს, მაგალითად რკინიგზა.

რუსეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენას, ნორმალური ხელისუფლება არ უნდა განიხილავდეს, თორე ზოგადად პრივატიზაციის წინააღმდეგი რა თქმა უნდა არ ვართ",-განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე განმარტებით, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მაშინ, როდესაც ამას ნორმალური ხელისუფლება აკონტროლებს, სახიფათო არ არის.

"სტრატეგიული ობიექტები ვარირებს დროის მიხედვითაც და ქვეყნების მიხედვითაც, შეიძლება ვაშლიც იყოს სტრატეგიული ობიექტი. ნებისმიერ სფეროში ინვესტიცია თუ არის გამჭვირვალე, არ არის მტრულად განწყობილი ქვეყნის კონტროლირებადი, არის აბსოლუტურად ნორმალური. მეტსაც გეტყვით, როდესაც ”РАО ЕЭС”-ის ფული ჩაიდო თბილისში, ელექტროგადამანაწილებელ ქსელში, ამას პრობლემა არ შეუქმნია.

თუკი ხელისუფლება დგას მყარად პოზიციებზე და აქვს კონტროლის საშუალებები, ასეთი ინვესტიცია შემოსავლის მოტანის მეტს არაფერს აკეთებს. მაგრამ ამ ვითარებაში, რკინიგზის აღდგენა… ეს შეიძლება იყოს ჩვენი შემდგომი მიბმის საწინდარი და დასავლეთისგან დაშორების ნიადაგი",-განაცხადა დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...